საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში წინასწარი დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის მიზანი საქართველოში 10-18 ნოემბრისთვის დაგეგმილი ღონისძიების მომზადებაა. შემოდგომაზე საქართველოში „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამით (OCC E&FP)“ გათვალისწინებული შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის ნატოს პირველი დონის (NEL-1) შეფასება განხორციელდება. შეფასების ფარგლებში პირველად ჩატარდება შემფასებელთა 33-ე კურსი. შემფასებელთა კურსში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ნატოს წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
შეხვედრას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის, ასევე, სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და ნატოს სხვადასხვა შტაბებიდან „ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაზე (OCC E&FP)“ პასუხისმგებელი პირები დაესწრნენ.
შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული, უკვე ნატოს რეაგირების ძალების სრულფასოვანი, სერტიფიცირებული წევრია.