ე.წ. ნავთლუღის საქმეზე ბრალდებული კუდის ყოფილი მაღალჩინოსნების დავით ახალაიასა და გიორგი დგებუაძის პროცესი ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა.
პროცესის საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტა, რომ ეს ეტაპი დაიწყება წერილობითი მტკიცებულებებით, რომელიც 2006 წელს ეხება. ამასთან, დღევანდელი სხდომა მთლიანად წერილობით მტკიცებულებების წარდგენას დაეთმობა, ხოლო შემდეგი სხდომიდან დაიწყება მოწმეების დაკითხვა. პირველ ყოვლისა, დაიკითხებიან დაზარალებულის უფლებამონაცვლეები, 2006 წელს ლიკვიდირებული 3 აჭარელი ახალგაზრდის მშობლები.
დავით ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, წერილობითი მტკიცებულებები, რომელსაც ბრალდება დღეს გამოიკვლევს, გაყალბებულია. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ დევნას რუსული სპეცსამსახურების დაკვეთა უწოდა.
დავით ახალაია ძებნილია, ხოლო გიორგი დგებუაძე პროცესზე საბადრაგო სამსახურმა წარადგინა. მათ ბრალად განზრახ მკვლელობა ედებათ. ამავე საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებული არიან კუდის სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები - ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი.