საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის საზღვრებზე და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე უსაფრთხოების ზომებს სისტემატურად ატარებს. არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, პრევენციული ღონისძიებები მუდმივად ხორციელდება, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება განმარტავს, რომ შსს-ს საპატრულო პოლიცია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აკონტროლებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს ქვეყნის საზღვრებზე და აეროპორტებში. საკონტროლო-გამტარი პუნქტების მუშაობა აეროპორტებში, სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე არსებული ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსების სრული და ეფექტური გამოყენებით მიმდინარეობს.
”საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია. შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მაქსიმალურად აკონტროლებს სახელმწიფო საზღვრის ე.წ. მწვანე ზოლს”, - აცხადებს შსს.