საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრთან ერთად დღეს თბილისში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა - DIB გახსნა.
საზეიმო ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და წინგადადგმული ნაბიჯია პროფესიული კადრების მომზადების თვალსაზრისით, უფრო სტაბილური, მტკიცე და დაცული რეგიონის შესაქმნელად.
„ჩვენი ქვეყანა რეალურად ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ ამავე დროს, უდიდესი შესაძლებლობებიც გვაქვს.
სულ უფრო მეტი ქვეყანა, როგორც ევროპაში, ასე აზიაში, ხედავს ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას. ხედავს იმას, რომ ჩვენ რეგიონში სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანი, მომგებიანი და ხელსაყრელია გლობალურად სტაბილური, ევროპული და აზიური გეოპოლიტიკური პროცესების განვითარებისათვის.
ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ სტაბილურობას ნატოში ინტეგრაციით ვხედავთ. ჩვენ არაერთი მტკიცე ნაბიჯი გადაგვიდგამს ამ მიმართულებით. დღეს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ამ მნიშვნელოვანი ახალი ინსტიტუტის შექმნაზე, ეს არის ის წარმატება, რომელიც ჩვენ წამოვიღეთ 2014 წელს უელსიდან.
მაგრამ წარმატება თავის მხრივ მიღწეული იყო არაერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გმირული შრომის, გმირული მოღვაწეობის და სისხლის შედეგადაც კი, რომელსაც ჩვენ ყოველთვის პატივს მივაგებთ.
პრეზიდენტის განცხადებით, უელსიდან წამოღებული პაკეტის შემადგენლობაში სერიოზული შინაარსი იყო ჩადებული და ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, ამ შინაარსის და ამ გეგმების განხორციელება.
„ჩვენ დღესაც ვაცხადებთ, რომ ქართული სახელმწიფო გააგრძელებს თავის სვლას რეგიონის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების თვალსაზრისით და ეს ნაბიჯი არანაირად არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის საწინააღმდეგოდ, არამედ პირიქით, რეალურად თუ შევხედავთ, ყველა ჩვენი პარტნიორი და მეზობელი უნდა იყოს დაინტერესებული სტაბილური და ძლიერი ქვეყნის, სტაბილური და ძლიერი საქართველოს განმტკიცებისათვის.
2016 წელს ვარშავიდანაც ჩვენ წამოვალთ ისე, რომ მომავალში შევძლებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სერიოზულად გაღრმავებას და განმტკიცებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა.
სკოლა ითვალისწინებს პროფესიული განვითარების პროგრამებს როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო და მაღალი რანგის სამხედროებისთვის, ასევე აღნიშნულ სფეროში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.
საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, ასევე, სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე ტაქან ილდემი, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ბეტინა კადენბახი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.