დღეს თბილისში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) იხსნება. სკოლის ოფიციალურ გახსნამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ელჩ თაკან ილდემთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოსთვის და ნატოს პარტნიორი და წევრი სახელმწიფოებისთვის თავდაცვის ინსტუტუციური აღმშენებლობის სკოლის მნიშვნელობა იყო. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ასევე, ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტთან დაკავშირებულები მოლოდინები.
ორმხრივ შეხვედრას ასევე დაესწრნენ - თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში შოთა ღვინერია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კრისტინა ბალეიშიტე.