საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა. თინა ხიდაშელის განმარტებით, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის აქტით არის დამტკიცებული და რომელზეც მთავრობას ნამსჯელი აქვს.
თავდაცვის მინისტრი ასევე აცხადებსა, რომ მის მიერ გამოცემული ბრძანების გაუქმება მტავრობის მხრიდან არ არის შესაძლებელი.
„თუმცა, ზოგადად შესაძლებლობა ყველაფრის არის. შესაძლებელია მიღებული იყოს აქტი, რომელმაც უნდა გააუქმოს სხვა გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით არის დამტკიცებული. პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმების საშუალება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. ამბავი იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება არავისთან იყო შეთანხმებული და იყო სიურპრიზი, არ არის სიმართლე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის აქტით არის დამტკიცებული და მთავრობას ნამსჯელი აქვს. ეს არის ვალდებულება, რომელიც აიღო ხელისუფლებამ. გასაგებია, რომ ემოციები ასე ჭარბობს, თუმცა მთავარია, რომ პირობა და ვალდებულება, რომელიც ავიღეთ საზოგადოების და პარტნიორების წინაშე, შესრულებულია“, - განაცხადა ხიდაშელმა.