„სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ არის ყველაზე მთავარი, ღირშესანიშნავი და დიდი ღონისძიება. ჩემი მინისტრობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ საქართველოში პირველად ჩამოვიდა უპრეცედენტო რაოდენობის ამერიკული სამხედრო ტექნიკა და წვრთნებში პარტნიორი ქვეყნების უპრეცედენტო რაოდენობის სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა ჩვენს სამხედროებთან ერთად“,- ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ჩატარებული ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ მედიის წარმომადგენლებთან ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, სწორედ, ამ ტიპის წვრთნებსა და პარტნიორობას ითხოვდა საქართველო წლების განმავლობაში ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების დროს.
„მეტი წვრთნა, მეტი პარტნიორი სამხედრო საქართველოს ტერიტორიაზე, მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებები, წვრთნები იმისთვის, რომ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თანამედროვე საშუალებებით გაიარონ სწავლება - ვრცელი მოლაპარაკებების შედეგად ეს მიზანი მიღწეულია და პროცესი იქნება შეუქცევადი - „ღირსეული პარტნიორი“ სულ უფრო ფართო შესაძლებლობებს გააჩენს ქართველი სამხედროებისთვის“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ უკვე დაწყებულია „ღირსეული პარტნიორი 2017“-ზე მუშაობა და ეს სწავლება კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, შემოდგომაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნის „Agile Spirit“-ის გამართვაც იგეგმება, რომელიც ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი წვრთნაა.