„ქვეყანაში არსებობდა დახურული ობიექტები, რომელთანაც, პრინციპში, ადვოკატსაც არ ჰქონდა წვდომა, თუკი ამას ასე მიიჩნევდა საჭიროდ ზემდგომი. შეიძლებოდა, უბრალოდ, ტყვეობაში გყოლოდა სამხედრო მოსამსახურე, რამდენი ხანიც გინდოდა, ისე, რომ ამას ვერავინ გაიგებდა. საბედნიეროდ, ჩვენი ხელისუფლების დროს ასეთი რამ აღარ ხდებოდა, მაგრამ, თავისთავად, ინსტიტუციურად, ჰაუპტვახტის არსებობა ყოველთვის აჩენდა შესაძლებლობას, რომ სხვაგვარი პოლიტიკური ნების პირობებში ეს პრაქტიკა ისევ დაბრუნდებოდა“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიასთან ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.
თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მის მიერ დადებული პირობა შესრულებულია, გადაწყვეტილება მიღებულია და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰაუპტვახტები აღარ არსებობს.
თავდაცვის მინისტრმა მედიასთან თანამდებობაზე დანიშვნის დროს დადებული სხვა დაპირებაც გაიხსენა, რომელიც დღეს ასევე შესრულებულია.
„მეორე დაპირება, რომელზეც პირველივე დღეს ვისაუბრეთ, იყო ის, რომ გავაუქმებდით სპეცუბნებს. ამისთვის მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება არ იყო საკმარისი და კანონმდებლობაში ცვლილებები იყო საჭირო. ამ წუთის მდგომარეობით ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სპეცუბნები აღარ არსებობს. სპეცუბნები გაუქმებულია შეიარაღებულ ძალებში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში აღარასდროს მოვა ხელისუფლება, რომელიც ამ საკანონმდებლო ცვლილებას შეცვლის“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.