ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ადვოკატებმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საქმის ყველა მიმდინარე დეტალი გააცნეს. იმსჯელეს სამოქმედო გეგმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს საქმის პროცესი. ადვოკატებმა სამოქალაქო სექტორს მოუწოდეს დასკვნა მოამზადონ ამ საქმეზე. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, მთავარი შეკითხვა ჩნდება დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით. გამოთქვამენ ეჭვს, რომ ანგარების მოტივით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა სახელმწიფო ბრალდებამ ვერ დაადასტურა და ვერ დაამტკიცა საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებულებებით. შეხვედრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გაიმართა და მას ესწრებოდნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ,,42 მუხლი“, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ღია საზოგადოება საქართველო”
“ვინაიდან სასამართლო ნაკლები ნდობით სარგებლობს დღევანდელ დღეს, არსებობს გზა რომელსაც მივმართავთ ჩვენ. ეს არის ობიექტური დამკვირვებლები, ობიექტური მესამე პირები, ისეთი როგორიც არის სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ვთხოვთ შეისწავლონ ეს საქმე გააკეთონ თავიანთი დასკვნა და გააცნონ საზოგადოებას. სამართლებრივი გარემოებით მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად არასწორად აქვს სასამართლოს შეფასებული და არ არის რთული საქმე რომ სწორად შეფასდეს ის სამართლებრივი გარემოებები, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს“ - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.
“გაუგებარია რატომ არ დაინტერესდა გამოძიება უმაღლესი თანამდებობის პირებით. ამასთანავე არ ჩანს ანგარების მოტივი, არ იკვეთება, რომ მათ თანხა მიითვისეს. გარდა ამისა თანხის გადარიცხვის პროცესში ჩართული იყო ფინანსთა სამინისტრო, აღნიშნულმა საქმემ გაიარა მთავრობაც. ბუნებრივია ამდენ ინსტანციაში და ამდენი განხილვის შემდეგ გაუგებარია როგორ მოახერხეს ბრალდებულებმა ყველას და ყველაფრის მოტყუება. აქედან გამომდინარე ვაცხადებთ რომ ბრალი საკმაოდ სუსტად არის დასაბუთებული,“ - განაცხადა ‘’საერთაშორიშო გამჭვირვალობა საქართველოს’’ პროგრამის მენეჯერმა გიორგი გვილავამ.
‘’იმისათვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი აუცილებელია არსებობდეს სანდო მტკიცებულებათა ერთობლიობა. პროკურატურამ ასეთი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და შესაბამისად ვერ მტკიცდება, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული’’, - განაცხადა საქართველოს ‘’ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.