,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე ორთაჭალაში, კრიმინალური პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს. უწყება მას დღეს ჩაბარდა.
„რუსთავი 2“-ის ცნობით, უმცირესობის დეპუტატი საგამოძიებო ორგანოში ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის, იგივე „სვანის“ თემაზე, 17:00 საათზეა დაბარებული.
,, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ ქართველი კანონიერი ქურდის ოდესიდან საქართველოში დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
,,დღეს 19 საათზე ოდესიდან თბილისის რეისით საქართველოში დეპორტირებულ იქნა 2014 წელს თურქეთში კანონიერ ქურდად კურთხეული, 1972 წელს სოხუმში დაბადებული დავით ნუგზარის-ძე გერლიანი (დათო სვანი). უკრაინაში დაკავებისას მას გააჩნდა პასპორტი, გაცემული დედამისის გვარზე, კერძოდ, ჩაჩიბაიაზე.
ქვემოთმოყვანილი ვიდეო ასახავს ხსენებული დეპორტაციის პროცესს.
ველი შსს-ს მოქმედებებს ან მორიგ ოპუსს თვითმფრინავიდან ადამიანის გაუჩინარების შესახებ”, - წერს გივი თარგამაძე.
ვიდეოში ასახულია,თუ როგორ აცილებენ უკრაინელი სამართალდამცავები დაკავებულს აეროპორტში.