თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ მიულოცა, მათ მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. კურსდამთავრებულებს სიტყვით ასევე მიმართა შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ.
რიგით მეცხრე სამეთაურო-საშტაბო კურსი 18 სასწავლო კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 31-მა სერჟანტმა, მათ შორის 4-მა ქალბატონმა მიიღო. ტრენინგის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებს, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და საბრძოლო მომზადების ორგანიზებას დაეუფლნენ; გაიღრმავეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. კურსის ფარგლებში მსმენელებმა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ლექცია-სემინარებიც მოისმინეს.
ღონისძიების დასასრულს სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
კურსის გამოშვების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სერჟანტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.