ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის ფარგლებში საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საინჟინრო ბრიგადის საინჟინრო ასეულის პირადი შემადგენლობა იყო ჩართული.
ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, საინჟინრო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გოჩა შავგულიძე და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამხედრო მოსამსახურეებს პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ სიტყვით მიმართა, წვრთნების დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საბრძოლო მასალების განადგურების სწავლება 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 10 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. საბრძოლო მასალების განადგურების სწავლება ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ინჟინრებმა ჩაატარეს.