ახლახანს, პოლონეთში დასრულდა ჩრდილო – ატლანტიკური ალიანსის ისტორიაში უპრეცედენტო სამხედრო მანევრები Anakonda -2016. არასდროს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, NATO-ს, ევროპაში, არ განუხორციელებია ასეთი მასშტაბის საარმიო გადაადგილება, - ამ ოდენობის ტექნიკითა და სამხედრო კონტინგენტით. ანუ, არათუ ამ მასშტაბის წვრთნები არ ჩაუტარებია, არამედ ასეთი ოდენობით ჯარებიც კი არ გადაუადგილებია.
თვით სამხედრო წვრთნებზე ბევრად მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური «მესიჯი», რომელიც ამ მანევრებით ჩრდიოლოატლანტიკურა ალიანსმა მოსკოვს გაუგზავნა: უკრაინაში რუსული აგრესია იმდენად აშფოთებთ, რომ მზად არიან გადახედონ «NATO–რუსეთის ფუძემდებლური აქტის» (1997) დებულებებს, რომლითაც ალიანსმა იკისრა ვალდებულება, არ განელაგებინა «არსებითი» სამხედრო ძალები რუსეთის საზღვრებთან.
ამ სწავლებებში თუნდაც სიმბოლურად მონაწილეობა, იქ სახელმწიფო დროშისა და ეროვნული სამხედრო ალმების გამოჩენა, ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან პრესტიჟული იქნებოდა. მით უმეტეს საქართველოსთვის – ჩვენი დღევანდელი საერთაშორისო მდგომარეობისა და ოკუპაციის გათვალისწინებით.
ქართული ასეული, რომელიც ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსის «სწრაფი რეაგირების ძალებისთვის» წლების განმავლობაში გაიწვრთნა და სხვა მონაწილეებზე მეტად თუ არა, ნაკლებად ნამდვილად არ იყო მომზადებული, ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენდა მანევრებზე, ხოლო მისი იქ გამოჩენა სერიოზული წინაპირობა გახდებოდა NATO-ს მომავალი სამიტისთვის. მით უმეტეს, რომ სამიტი სწორედ ვარშავაში ტარდება.
ყველაფერი მზად იყო სამხედრო კონტინგენტის გამგზავრებისა და განთავსების ჩათვლით, მაგრამ მოულოდნელად, ბრწყინვალედ მომზადებული, გულანთებული ქართული ქვედანაყოფი სწავლებებიდან მოიხსნა და პოლონეთში არ გაემგზავრა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოფიციალურ მიზეზად თავდაცვის სამინისტრომ ის დაასახელა, რომ თურმე ასეულის ორ (!) სამხედრო მოსამსახურეს ჩუტყვავილა აღმოაჩნდა, ამიტომ ამერიკელებთან ერთად (!) მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რაკი არსებობდა საშიშროება, ამ ორ ჯარისკაცს დანარჩენი 98 (პირობითად) ქართველი მეომრისთვის გადაედო ეს «საზარელი დაავადება», მათ კიდევ – დანარჩენი 30 000 დასავლელი სამხედრო მოსამსახურისათვის სამხედრო მანევრების დროს, თურმე ნუ იტყვით, ამიტომ, ბოლო მომენტში გადაწყდა ქართულ კონტინგენტს Anakonda -2016 ისტორიულ მანევრებში მონაწილეობა არ მიეღო.
აქ განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის თავხედობა და ცინიზმი, რომლითაც «თინიკოს სამინისტრო» ცდილობს თვალში ნაცარი შეგვაყაროს, რაკი, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ კითხვებს არავინ დასვამს.
ანუ, საერთოდ არავინ, თორემ ეს სკანდალური თემა რომ ქართულმა მედიამ, მისდა სამარცხვინოდ, უცნაურად დაივიწყა – ესეც ფაქტია
დავიწყოთ მსჯელობა ელემენტარულით: რა არის «ჩუტყვავილა?» ესაა ვირუსული ინფექცია, რომელიც მიმდინარეობს სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ტემპერატურის ზომიერი მომატებით, კანსა და ლორწოვან გარსებზე თანამიმდევრული, ტიპური ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით.
ძირითადად, ბავშვებს ემართებათ. ნებისმიერი მშობელი გეტყვით, რომ ჩუტყვავილათი მოზარდის დაავადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მასვე ბავშვობაში არა აქვს იგი «მოხდილი». სწორედ ამიტომ, ზრდასრულ ადამიანებში 96% პრაქტიკულად იმუნურია ამ ინფექციის მიმართ!
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ქართული ასეულის ორ სამხედრო მოსამსახურეს ჩუტყვავილა აღმოაჩნდა, ასეულის დანარჩენ 96%–ს მის მიმართ იმუნიტეტი ნამდვილად ექნებოდა, ანუ თავდაცვის სამინისტროს შეეძლო ეს ორი ჯარისკაცი მოეხსნა სწავლებებიდან და სხვებს ჩვეულებრივად მიეღოთ მონაწილეობა
თუმცა, დავუშვათ, ხიდაშელის უწყება ანბანურ სტატისტიკას არ ენდობა და ჩუტყვავილა – ქოლერის (შავი ჭირის) მსგავს მომაკვდინებელ დაავადებად მიაჩნია. ასეთ შემთხვევაში, რა უშლიდათ ხელს, ის ორი ჯარისკაცი სახლში გაეშვათ, შემდეგ კი, საქართველოში საბედნიეროდ უკვე არსებული უამრავი ძალზე მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ლაბორატორიისთვის ეთხოვათ ასეულის ხელახალი სამედიცინიო გამოკვლევა? ანუ, მარტივად: აეღოთ სისხლი ასივე სამხედრო მოსამსახურისგან და სულ რამდენიმე საათში დაედგინათ, გადაედოთ თუ არა მათ ვირუსის შტამი. ამის გაკეთება იყო უადვილესი და 5–6 საათი (არც კი) იქნებოდა საკმარისი ამგვარი გამოკვლევისთვის 100%––ანი სიზუსტით.
უეჭველად დადასტურდებოდა, რომ ასიდან – 96 ჯარისკაცი არ არის ინფიცირებული და ვერც იქნებოდა, რადგან ჩუტყვავილა ბავშვობაში მოიხადა, ანუ აქვს იმუნიტეტი და თეორიულადაც კი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს Anakonda -2016 მონაწილე NATO-ს ათასეულებისთვის.
ისე, ეს «ათასეულებიც» შემირცხვენია ჩუტყვავილასი თუ შეეშინდათ! მათი იმედი უნდა ჰქონდეთ ბალტიისპირელებს ან ვინმე სხვას?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გარდა ამისა, სულ უკიდურესი შემთხვევისთვის, განა დაილია ქართულ არმიაში შედარებით კარგად მომზადებული ასეული, რომელსაც არანაირი კონტაქტი ინფიცირებულებთან არ ექნებოდა?
ხომ ნათელია, რომ აშკარად გვატყუებენ? თანაც, გვატყუებენ უტიფრად, თავხედურად – იმ გათვლით, რომ ელემენტარულ კითხვებს არ დავსვამთ და ვერ მივხვდებით, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
სინამდვილეში კი მოხდა შემდეგი:
Anakonda -2016 – ს დაწყებამდე, რუსეთის მთავარი გაიძვერა, სერგეი ლავროვი ტელეფონით ესაუბრა ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის, ასევე გერმანელ, ფრანგ, იტალიელ და ბრიტანელ კოლეგებს. რუსულ მედიაში იყო ცნობები ამ საუბრების შესახებ, ოღონდ მხოლოდ თვით ფაქტის აღნიშვნით, რომ მხარეებმა «სამხედრო წვრთნებზე ილაპარაკეს, რუსეთმა შეშფოთება–აღშფოთება გამოთქვა» და ასე შემდეგ.
ლავროვის დასავლელმა კოლეგებმა, რომლებიც მოსკოვს ტრადიციულად ხმააკანკალებით ელაპარაკებიან, მისი დამშვიდება სცადეს და საკუთარი «კეთილგანწყობის» დასტურად შეპირდნენ, რომ ოღონდ რუსეთი, აგრეთვე «ვლადიმერ–ვლადიმეროვიჩი» მეტისმეტად არ განრისხებულიყო და უკრაინას არა, მაგრამ საქართველოს კი ეტყოდნენ უარს სწავლებებში მონაწილეობაზე, თუ ეს კრემლს ოდნავ მაინც დაამშვიდებდა.
ამის შემდეგ, საქართველოში დასავლურ სახელმწიფოთა სამხედრო ატაშეები დაუკავშირდნენ ჩვენს თავდაცვის სამინისტროს და მოსთხოვეს ნებისმიერი საბაბით, ნებისმიერი მოტივით («არ გვაინტერესებს რას მოიგონებთ») პოლონეთში წასვლაზე უარის თქმა.
ამათაც მოიგონეს, შეთხზეს ის უბადრუკი ვერსია, რაც მიაწოდეს ქართულ საზოგადოებას, რომ თურმე ორი ჯარისკაცის ჩუტყვავილა გახდა მიზეზი ეპოქალურ სამხედრო–პოლიტიკურ ღონსიძიებაში საქართველოს არმონაწილეობისა!!!
ბუნებრივია, სიმართლეს არ გვეტყვიან, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ რაოდენ დაჩაჩანაკებულიც არ უნდა იყოს ქართული საზოგადოება, ეს სიმართლე უდიდეს აღშფოთებას გამოიწვევდა (ამჯერად არა მხოლოდ რუსეთის მიმართ), რაკი პირდაპირ საფლავში ჩაფურთხებაა იმ ჩვენი სულმნათი, გმირი ბიჭებისთვის, როლებიც ავღანეთში დაიღუპენ!
გამოდის, ხსენებულ ასეულსაც ჩვენი პარტნიორები მხოლოდ «საზარბაზნე ხორცად» ამზადებდნენ «იქ და მაშინ» გამოსაყენებლად, როდესაც მხოლოდ თვითონ დასჭირდებათ და არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან მომენტებში. დღევანდელნ ეტაპზე კი, საქართველოსთვის არაფერი იყო იმაზე მნიშვნელოვანი, რომ მისი დროშა გამოჩენილიყო ისტორიულ სამხედრო სწავლებებზე.
ეს ბევრად არსებითი და მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვიდრე ის ფეიკური, არაფრისმომცემი «ასოცირებული პარნტიორობა», რასაც ვარშავის სამიტზე გვპირდებიან MAP–ის სანაცვლოდ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ სამარცხვინო (არა მხოლდო ჩვენთვის სამარცხვინო) ისტორიაში კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია უნარი დაიცავს ქვეყნის ინტერესები მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორები «ხურდაში გვაბრუნებენ» რუსეთთან ვაჭრობის პროცესში.
რა უნდა ექნათ? უნდა განეცხადებინათ მტკიცე პროტესტი და პარტნიორებს დიახაც დამუქრებოდნენ, რომ თუ ასეთი უსინდისობა არ შეწყდებოდა, ღიად, საქვეყნოდ, მთელი მსოფლიოს გასაგონად იტყოდნენ ამის შესახებ!
გასაჯაროება კი, როგორც მინიმუმ იმას გამოიწვედა, რომ მასპინძელი ქვეყანა – პოლონეთი – აუცილებლად დაუჭერდა მხარს საქართველოს, ისევე როგორც ლიტვა, ლატვია და პოლონეთი, რომლებსაც აგრეთვე აქვთ ეჭვი, რომ დიდი სახელმწიფოები მათი ინტერესებით ვაჭრობენ რუსეთთან
ოღონდ, როდესაც შენი პარტნიორი, ისევ და ისევ ხედავს, რომ ხმის ამომღები არა ხარ, რომ დიპლომატიის ნაცვლად «დოყლოპატია» გყავს და ქეციანი ძაღლივით იქცევი მუდამ, ის აუცილებლად შეეცდება შენს ხარჯზე გადაჭრას საკუთარი პრობლემები, ხურდაში დაგაბრუნოს და კიდევ ხმაც არ ამოგაღებინოს საპროტესტოდ
გიორგი მარგველაშვილმა კი განაცხადა: «გაუგებარია რატომ არ წავიდა ქართული ასეული პოლონეთშიო» (ესე იგი, «ჩუტყვავილას» ვერსია მანაც სულელურ ტყუილად მიიჩნია) და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაც მოიწვია, მაგრამ, როგორც ჩანს, «მინისტრმა თინიკომ» აუხსნა, რაც მოხდა სინამდვილეში და პრეზიდენტიც გაიტრუნა ამ სკანდალურ საკითხზე, რომელმაც ხელისუფლების სრული უმწეობა, უნიჭობა და უნიათობა კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ წარმოაჩინა.
”ჯი-ეიჩ-ენი”, კახა კირვალიძე