საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატოს შტაბ-ბინა თავდაცვის მინისტრების შეხვედრას მასპინძლობს. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თურქეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.
თინათინ ხიდაშელმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს ფიკრი იშიკს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ფიქრი იშიკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ თურქეთის მხარდაჭერა. შეხვედრის მთავარი თემა თავდაცვის სფეროში ორხმრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები იყო.
„თურქეთს ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს და ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. ეს მინისტერიალი გაცნობითი ხასიათის შეხვედრებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ახალი მინისტრი სრულად ადასტურებს იმ პოლიტიკას და დამოკიდებულებას, რაც ჩვენ წლების განმავლობაში გვესმოდა თურქეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან. ის საქართველოს მხარდამჭერია, მეგობარია, პარტნიორია და მზად არის გააგრძელოს ყველა ის პროექტი, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობდით ამ ერთი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
თინათინ ხიდაშელმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია, სადაც შემდეგი სამმხრივი მინისტერიალის ჩატარება იგეგმება. „სავარაუდოდ, სამმხრივი შეხვედრა უკვე თბილისში ან ბათუმში გაიმართება, სადაც ხელს მოვაწერთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული სამმხრივი ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე გაცვალეს ინფორმაცია თინათინ ხიდაშელმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეპან პოლტორაკმა. „ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებშია და ერთობლივ ღონისძიებებზე, ერთობლივ შესაძლებლობებზე და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივ ინფორმირებაზე ყველა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ამ ორი ქვეყნის წინაშე დგას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი პოლონელ, ხორვატ კოლეგებს და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდება.