სდსს-ს 2013 წლის 25 თებერვლის შემდგომ გაწეული ხარჯების დოკუმენტაციის, პროკურატურა სწავლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურორმა გიორგი მუჯირი ადასტურებს. ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს გამართული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ გაფლანგვის დადგენის შემთხვევაში, პასუხისგებაში მიეცემა ნებისმიერი პირი.
„ეს დოკუმენტაცია მართლაც ინახება მთავარ პროკურატურაში. შესწავლილი იქნება გამოძიების მიერ და სწორედ ახლა მთავარ პროკურატურაში ეს პროცესი მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება ნებისმიერი პირის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლაგვა, ანალოგიურად მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, - განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.
მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას პროცესის დასრულების შემდეგ, ჯანაშიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ე.წ. პიჯაკების საქმე არის საპნის ბუშტი, რომელიც დღევანდელ პროცესზე გასკდა.
"საქმეს დაერთო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ანზორ ჩუბინიძის უფროსობისას სდს-ს გასწევდა იმ ტიპის ხარჯებს, რასაც ჯანაშია. ჯანაშიას ბრალი აქვს წარდგენილი, ჩუბინიძეს და ივანიშვილს კი - არა. ეს ნიშნავს, რომ ჯანაშია სრულიად უდანაშაულოა და ადგილი აქვს შერჩევით მართლმსაჯულებას პოლიტიკური ნიშნით. ამ წერილის შემდგომ პროკურატურა ვალდებული იქნება 2013 წლის 25 თებერვლის შემდგომი ხარჯები გაასაჯაროოს",-განაცხადა ბასილაიამ.
ბრალდებულ თემურ ჯანაშიას განცხადებით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, 17 თებერვლიდან სდსს მის დაქვემდებარებაში გადავიდა.
"პრემიერ-მინისტრს მივმართეთ შეკითხვით, უფლება გვქონდა, თუ არა, იგივე ტიპის ხარჯები გაგვეწია, პასუხი იყო, რომ პრეზიდენტისa და პრემიერის განკარგულებები კვლავ უნდა დაგვეკმაყოფილებინა", -განაცხადა ჯანაშიამ.
ამასთან, პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებით, იგეგმება ანზორ ჩუბინიძის დაკითხვაც, რომელიც დაცვის მხარეს მოწმეთა სიაში ჰყავს და მოსამართლემ მისი დაკითხვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სახელმწიფოს ხარჯების არამიზნობრივად ხარჯვაში ბრალდებულების - მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას პროცესი აგვისტოში განახლდება.