საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ სატრასტო ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის ფარგლებში მორიგი სწავლება მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, კურსი, რომელსაც ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ატარებენ, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალების განადგურების მეთოდების დაუფლებას ისახავს მიზნად და მასში EOD ასეულის 10 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
დღეს საჩვენებელი სწავლება ვაზიანის სასროლეთზე გაიმართა. სამკვირიანი სწავლებიდან პირველი კვირა თეორიულ სწავლებას დაეთმო, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კი ტრენინგში ჩართული სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრაქტიკული მეცადინეობებია გათვალისწინებული. პრაქტიკული სწავლების ნაწილი ინსტრუქტორების მხრიდან მითითებების მიღებას, შემდეგ კი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას გულისხმობს.
სწავლება 30 მაისს დაიწყო და 17 ივნისს დასრულდება. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები საქართველოში ტრენინგს პირველად ატარებენ.