საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის ხელმძღვანელს, გენერალ დენის მერსიეს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები იყო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს სამიტიდან სასურველი შედეგების მისაღებად.
ქართული მხრიდან შეხვედრას თავდაცვის მინისტრთან ერთად ნატო საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, შოთა ღვინერია და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.
უწყების ინფორმაციით, ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და მოთხოვნა აქტიურად განიხილება.
საქართველის თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვარშავის სამიტამდე მეტად მცირე დროა დარჩენილი და საჭიროა, მხარეებმა საბოლოოდ დააზუსტონ მოლოდინები და სურვილები.
"ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და მისი კიდევ უფრო წარმატებით და დროული განხორციელება - ეს იყო ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა. საქართველო, თავისი შესაძლებლობის გათვალისწინებით, მაქსიმუმს აკეთებს, რომ პარტნიორებს კიდევ უფრო გაუადვილოს ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის საჭირო და მნიშვნელოვან თემებზე გადაწყვეტილების მიღება",- აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი გრძელდება. თინათინ ხიდაშელი ხვალ შეხვედრებს გაეროში გამართავს.