2016 წლის 6 ივნისს პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA-16" ნატოს წევრ სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს. თუმცა, თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ასეულის გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეით ასეულში გამოვლინდა ჩუტყვავილით დაავადების ორი შემთხვევა. აღნიშნული ვურუსი ჯარისკაცებს ოჯახის მცირეწლოვანი წევრებისგან გადაედოთ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში შედგა კონსილიუმი, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქმა ქვეითმა ასეულმა მიმდინარე წელს დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA-16"-ში არ მიიღოს მონაწილეობა, რათა თავიდან იყოს აცილებული წვრთნაში მონაწილე სამხედროებში ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ "ANAKONDA-16"-ს მიწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ხოლო დამკვირვებლის რანგში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი.