მეტად შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა“ - ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტებში გამართული შეხვედრები. თინათინ ხიდაშელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში თავდაცვის მდივნის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწემ ევროპისა და ნატოს პოლიტიკის საკითხებში ჯეიმს ტოუნსენდმა უმასპინძლეს. ხოლო, სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი შეხვდა.
წვრთნები, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ვარშავის სამიტი, რუსეთი და რეგიონული უსაფრთხოების გარემო - პენტაგონში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან აღნიშნული თემების განხილვა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის მიზანი ორი ქვეყნის ურთიერთობები, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება და ამ გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა იყო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის მთავრობები მეტად აქტიურად მუშაობენ, რომ ორმხრივი, წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა მუდმივად განახლებადი, საინტერესო და პრაქტიკული ხასიათის პროექტებით დატვირთული იყოს. თინათინ ხიდაშელის თქმით, ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტრო შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს და უახლოეს მომავალში უმნიშვნელოვანესი სიახლეებიც არ არის გამორიცხული.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ვარშავის სამიტზე, საქართველოს პერსპექტივებსა და ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, შეერთებული შტატების მხარდაჭერა იყო და რჩება ერთ-ერთი გადამწყვეტი.
"ბუნებრივია, როდესაც სამუშაო ვიზიტით ხართ ჩამოსული, მთავარი ამოცანაა, დეტალურად გაიარო ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ორი ქვეყნის თანამშრომლობას და ურთიერთობებს ეხება. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ბევრი მიმართულება გვაქვს გასააქტიურებელი და კიდევ ბევრი რამ გასაკეთებელი. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ვარშავის სამიტის წინ ასეთი შეხვედრები უმნიშვნელოვანესია. მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ, ზუსტი მოლოდინი გვქონდეს, თუ რა შეიძლება იყოს ვარშავის სამიტის შედეგი", - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
თინათინ ხიდაშელის ვიზიტი შეერთებულ შტატებში ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის ხელმძღვანელთან შეხვედრით გაგრძელდება.