საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) საორიენტაციო კურსის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.
ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ორგანიზებით და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამონაწილეობით იმართება. შეხვედრაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი საჯარო პირები მონაწილეობენ.
ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საორიენტაციო კურსის ფარგლებში განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სისტემაში საქართველოს მეტი ჩართულობაა.
„საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის არქიტექტურაში. ჩვენ ვმონაწილეობდით რამდენიმე მისიაში, მათ შორის, აფრიკაში - როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პერსონალით. შესაბამისად, გვინდა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებლები, არამედ, უზრუნველმყოფებიც ვიყოთ. ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში კონფერენციას უკვე მეორედ ვმასპინძლობთ. ეს იქნება საორიენტაციო კურსი, რომელზეც განიხილება მსოფლიოში არსებული ძირითადი პრობლემები. დღეს მსოფლიო პრობლემები არ არის მხოლოდ ერთ სახელმწიფოში მოქცეული. ევროკავშირის მიღმა ბევრ სახელმწიფოს ეხება ტერორიზმი, ლტოლვილების თემა, სხვადასხვა კრიზისული გამოწვევები. ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი კურსებითა და სწავლებებით ჩვენი საჯარო მოხელეები თანხვედრაში იქნებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ საჯარო მოხელეებთან“,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლის შემდეგ ანა დოლიძემ.
თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) საორიენტაციო კურსი 10 ივნისს დასრულდება.