თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით საგანმანათლებლო ცენტრში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ნატო-ს მხრიდან ხელმძღვანელის, ვიცე-პოლკოვნიკ ოლე ქრისტიან ემაუსის გაცილების ცერემონია გაიმართა.
ვიცე-პოლკოვნიკ ქრისტიან ემაუსს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვიცე-პოლკოვნიკი იან მარიუს ნილსენი ჩაანაცვლებს.
ვიცე-პოლკოვნიკ ქრისტიან ემაუსს გაწეული საქმიანობისა და დამსახურებისთვის თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მადლობა პირადად გადაუხადეს.
„ამ ერთი წლის განმავლობაში, ქრისტიან ემაუსმა ყველა გაგვაოცა საქმისადმი დამოკიდებულებითა და გულწრფელობით. მან უზარმაზარი ნდობა მოიპოვა საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას, ნორვეგიის ხელისუფლებას და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს, ასეთი ოფიცრის გამოგზავნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მისი შემცვლელიც, რომელიც ასევე ნორვეგიის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენს, ზუსტად ანალოგიურად გააგრძელებს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
ნორვეგიის შეიარაღებული ძალების ოფიცერს, ვიცე-პოლკოვნიკ ოლე ქრისტიან ემაუსს საქართველოსა და ნატო-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის უწყებრივი მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ გადაეცა.
გაცილების ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.