საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-მრჩეველთა მისიაში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გეგმავს. საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს შეიარაღებული ძალების 5-კაციანი კონტინგენტი ოცეულამდე გაიზრდება. მისიის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის საკითხი დღის წესრიგში 30 მაისს, ბრიუსელში გამართული კონფერენციის დროს დადგა.
უწყების ინფორმაციით, ამჟამად ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში საქართველო 5 სამხედრო მოსამსახურითაა წარმოდგენილი, რომლებიც სწრაფი რეაგირების ჯგუფს შეადგენენ და მაღალი რანგის სამხედროების ესკორტირება და დაცვა ევალებათ.
თავდაცვის სამინისტრომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედროების კონტინგენტის გაზრდის საკითხზე ინფორმაცია უკვე მიაწოდა უშიშროების საბჭოს და თანხმობაც მიიღო. უახლოეს დღეებში სამინისტრო საბჭოს ოფიციალურად მიმართავს, რათა პრეზიდენტმა მისიაში ჩართული კონტინგენტის გაზრდის საკითხი პარლამენტს მოკლე ვადებში წარუდგინოს და გადაწყვეტილების მიღება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოესწროს, რადგან ცენტრალურ აფრიკაში დღეს მოქმედი მისია 12 ივლისს იცვლება, საქართველოს პარლამენტი კი სესიას 24 ივნისს ასრულებს.
„ამ კვირაში ოფიციალურად მივმართავ უშიშროების საბჭოს, რადგან მათგან გვაქვს თანხმობა, რომ პრეზიდენტმა საკითხი წარადგინოს ქვეყნის პარლამენტში; ჩვენ სამუშაო რეჟიმში ვართ ევროკავშირის მისიასთან. ორ კვირაში, ბრიუსელში მექნება შეხვედრები და უკვე საბოლოოდ გადაწყდება ჩვენი საკითხები. ეს არის საპასუხისმგებლო მისია, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პრესტიჟული, როდესაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან ითხოვენ კონტინგენტის გაზრდას არა მხოლოდ სამხედრო ძალის თვალსაზრისით, არამედ, სწორედ, მრჩევლების, ინსტრუქტორების დასახმარებლად, ცენტრალური აფრიკის შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად. ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, პატივია და, ბუნებრივია, ამ გამოწვევისთვის მზად ვართ“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.