,,რუსთავი 2” -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. მას მოსამართლე ნათია გუჯაბიძის განცხადებაზე რეპლიკის გაკეთების საშუალება არ მისცეს.
გვარამიამ მოსამართლეთა კოლეგიას მიმართა და განაცხადა, რომ კოლეგია, თეა წულუკიანი და მთავრობის წევრები ერთიდაიგივე დისკუსიის ნაწილი არიან და "ერთნაირად დაამთავრებენ".
"ბატონო ნიკა წინა სხდომაზე თქვენ თქვით, რომ წულუკიანმა დაგვიწერა გადაწყვეტილება, წაკითხულიც გაქვთ. მე საჯაროდ გთავაზობთ დალუქული პაკეტით მოიტანეს ის გადაწყვეტილება, როცა ჩვენ გამოვაცხადებთ ჩვენსას, ადგილზე გავხსნათ და შევადაროთ. თუ დაემხვევა იმას, რაც ვითომ წულუკიანმა დაგვიწერა, მე გავიხდი მანტიას და წავალ სასამართლოდან", - მიმართა მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ გვარამიას.
დღეს, რუსთავი 2-ის მხარის ადვოკატებმა პროცესის გადადება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო დღევანდელი პროცესისთვის მოსამზადებლად.
"არ მინდა ვიფიქრო, რომ თქვენი შუამდგომლობები ემსახურება პროცესის გაჭიანურებას", - განაცხადა ნატა ნაზღაიძემ.
მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა შესვენების გამოცხადების შესახებ შუამდგომლობა. კოლეგიამ განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.
"2 საათის შემდეგ იქნება 1-საათიანი შესვენება", - განაცხადა ნაზღაიძემ.