ENG / RUS       12+

«ოცნების» დაჩმორება - რისთვის იბრძოდნენ «ნაცები» და «ქოცები» კორცხელში?

გურიისა და სამეგრელოს პატარა სოფლებში გამართული  არჩევნების გამო ატეხილი «ჯახი», რასაც საქვეყნო გნიასი და ვაი–უშველებელი მოჰყვა, რასაკვირველია, მომავალ «დიდ არჩევნებს» უკავშირდება და არა ადგილებზე მანდატების თუ ძალთა გადანაწილებას.

 ერთი შეხედვით, რა იყო თითქოს იქ ესოდენ მნიშვნელოვანი? მაგრამ «ნაციონალურმა მოძრაობამ», ანუ მიშამ და «ძველმა გვარდიამ» შესანიშნავად იციან, ხოლო «ოცნება» ახლაღა ხვდება: ქართველი ამომრჩევლის დაახლოებით 60% (სწორედ ის 60%, რომელიც გამოკითხვებში ამბობს, «ჯერ არ ვიცი ვის მივცემ ხმას 8 ოქტომბრის არჩევნებზეო»), სინამდვილეში ხმას აძლევს არა პროგრამებს, არა პოლიტიკურ კონცეფციებს, იდეოლოგიას, ხედვას, არამედ იმას ვინც «მაგარია», ვინც «ცემს», ესე იგი «მცემელია», «გამკეთებელია» და პირიქით – მუდამ ხმას აძლევს იმის წინააღმდეგ, ვინც დამარცხებული და ნაცემია.

ასე იყო საქართველოში ყოველთვის, ყველა არჩევნებზე, დაწყებული 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებიდან, როდესაც მოსახლეობის ამ ნაწილმა კომუნისტების წინააღმდეგ ხმა მისცა არა იმიტომ, რომ კომუნისტური იდეოლოგია ან თუნდაც რეჟიმი უარყო, არამედ იმის გამო, რომ იმ დროს კომუნისტები უკვე ისედაც დამარცხებულნი და «დაჩმორებულნი» იყვნენ 9 აპრილის შედეგად!

მაგრამ როგორ აჩვენო ამ 60%–ს, რომ შენ ხარ მაგარი, ხოლო შენი მოწინააღმდეგე – მთხლე და ჩაშვებულია? რასაკვირველია, ერთადერთი საშუალებით: უნდა გალახო.

აქედან გამომდინარე, კუნთმაგარი და ჭკუასუსტი «სპორტსმენების» ჯგუფური მივლინება იქ, სადაც პირველი საარჩევნო ბრძოლა უნდა გამართულიყო, გასაკვირი ნამდვილად არ არის. «პრიზი» სოფლის გამგებლობა კი არ იყო, არამედ 8 ოქტომბრისთვის იმ 60% გულის მოგება, რომელიც პოლიტიკას უყურებს, როგორც რინგს და მუდამ ხმას აძლევს იმის წინააღმდეგ, ვინც გალახულია.

საბედნიეროდ, არავინ მომკვდარა და კომიკური სიუჟეტებიც მრავლად აღმოჩნდა. მაგალითად, ჯიუტად ავრცელებენ «დეზას», თითქოს 2007 წელს, მიტინგის დარბევისას, ექს–სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს სწორედ ნიკა მელიამ უთავაზა ხელკეტი კამერების თვალწინ.

ეს თუ მართლაც  ტყუილი და დეზინფორმაციაა, რაღაც უფრო აქტიური უარყოფა სჭირდება ნაციონალთა «ახალი სახის» მხრიდან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კორცხელის ცემა–ტყეპამ  ორი რამ დაადასტურა: «ქოცების» სრული უნიჭობა და «ნაცების» ზებუნებრივი უტიფრობა.

პირველს რაც შეეხება: «წარმოგიდგენიათ, «გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ» მთლიანად კი არ უჩვენა მომხდარი, არამედ მხოლოდ იმ მომენტიდან, საიდანაც თვითონ აწყობდათო».  ანუ ეპიზოდი, რომლითაც დაიწყო კონფლიქტი, ტელეეკრანს მიღმა დარჩა.

მერედა ვისი ბრალია, თუ თქვენ («ქოცები») ასეთი უნიჭონი ხართ და ვერ მოიფიქრეთ იმ კუნთმაგარი და ჭკუასუსტი ჯეელებისთვის ერთი თქვენი კამერაც მიგეყოლებინათ, რათა თავიდან ბოლომდე დაფიქსირებულიყო თუ რა მოხდა და როგორ?

«ნაცებმა» მოიფიქრეს, მიხვდნენ, «მოტვინეს» თქვენ ვერა – ვისი ბრალია?

ვისი ბრალია, თუ თქვენმა მამა–დამფუძნებელმა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ტელევიზია, «მეცხრე არხი» დახურა (რადგან ფული დაენანა, არ დაიჯეროთ სხვა რაიმე მოტივი) და ქართულ ტელე–სივრცეში «მოდის კანონმდებლად» კვლავ «გამარჯვებული ხალხის ტელევიზია» დატოვა, რომელმაც ძალიან ნიჭიერად, ძალიან ჭკვიანურად ააგო თავისი სტრატეგია და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მთავარი თოქ–შოუს დროს, ერთმა «ნაცებთან» დაახლოებულმა ექსპერტმა თითიც კი დაუქნია ყველა სხვა ტელევიზიას: «როგორ გაბედეთ და კორცხელში მომხდარი ზუსტად ისე არ გააშუქეთ, ზუსტად ისეთი აქცენტები არ დასვით, როგორც ამ ტელევიზიამო».

მეორეს მხრივ: თითქოსდა «ნაცებს»  თვითონ არ მიუმართავთ ამ ხერხისთვის! გავიხსენოთ 2009 წლის «საკნების» აქცია: მაშინ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დაძრწოდა ზუსტად ასეთივე «კუნთმაგარი და ჭკუასუსტი სპორტსმენების» ბანდა, რომელიც თავს ესხმოდა მიტინგიდან მცირე ხნით გასულ ადამანებს, უმოწყალოდ სცემდა და ასახიჩრებდა. ყველა ტელევიზიას შენახული ექნება კადრები, ერთ – ერთი ეგზეკუციის შემდეგ (პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან)  როგორ მისდევს ამ შავ მასას დაჩი ცაგურია და უყვირის: «ვინ ხართ თქვენ ვინ?!!!»

ამ კადრებს არ აჩვენებენ, რადგან «ექსპერტებმა» და «ობიექტურმა არასამთავრობოებმა» (პოლიციის კაპიტანი ქალბატონის ჩათვლით)  შეიძლება «აქცენტების არასწორ დასმაში» დაადანაშაულონ.

ოღონდ იმ დროს მომხდარსა და ამჟამინდელ მოვლენებს  შორის ის კარდინალური განსხვავებაა (რასაც «ქოცები» არ ითვალისწინებენ ჩვეული პრიმიტივიზმით), რომ მაშინ, 2009 წელს, საქართველოში არ არსებობდა ტელევიზია, რომელიც მომხდარს ისე გააშუქებდა, როგორც ამას ახლა «გამარჯვებული ხალხის ტელევიზია აკეთებს»; და რომელიც მთავარ ნიუსად აქცევდა კითხვას: «რატომ არ ისჯებიან მცემელები, რატომ არ არის აღძრული საქმე»;  ამ კითხვით ლამის ყოველ დღე პირში მიკროფონს ჩათხრიდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს; შემდეგ «მცემელთა» ფოტოებს ეკრანზე გამოჭიმავდა სახელებით და გვარებით, მათი ბეგრაუნდის რეზიუმეთი და ევროპულ საელჩოებს მიმართავდა: «ჩამოთვლილ სპორტსმენებს ვიზები არ მისცეთო».

მაშინდელ ოპოზიციას ამის საშუალება არ ჰქონდა, ვინადან მიშა ასეთი სისულელეს როგორ დაუშვებდა, – დამოუკიდებელი ტელეარხი არ დაერბია და არ დაეხურა?! «ოცნებამ» კი მოახერხა და შედეგსაც იმკის. უფრო ზუსტად, მოიმკის ოქტომბერში, ვინაიდან წარმოუდგენელი სიბრიყვეა, ერთის მხრივ მიშასა და ვანოს ბაძავდე ყველაზე საზიზღარ, ყველაზე ბინძურ მეთოდებში და, მეორეს მხრივ, უტოვებდე საშუალებას, ეს «ბეგვა», ამომრჩევლის თვალში, PR–გამარჯვებად შემოაბრუნონ ნაცვლად  დამარცხებისა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

«კი, ჩვენც ვაკეთებდით, ჩვენს დროსაც ხდებოდა, მაგრამ სწორედ ამიტომ ვაგეთ პასუხი 2012  წლის ოქტომბერში, სწორედ ამიტომ არა ვართ ხელისუფლებაში . . . »  ამბობენ ნაცები, როცა 2009 წლის ანალოგიურ მეთოდებს ახსენებ. ოღონდ ფრაზას გაგრძელებაც აქვს ნაგულისხმევი, რომელსაც თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას:  . . . «და ახლა უნდა დავბრუნდეთ ხელისუფლებაში!»

ანუ მთლიანობაში ასე გამოიყურება: კი, ჩვენც ვაკეთებდით, ჩვენს დროსაც ხდებოდა, მაგრამ სწორედ ამიტომ ვაგეთ პასუხი 2012  წლის ოქტომბერში, სწორედ ამიტომ არა ვართ ხელისუფლებაში და ახლა უნდა დავბრუნდეთ ხელისუფლებაში!

შინაარსობრივად კი ნიშნავს შემდეგს:  ჩვენ კი ვიქცეოდით ასე თქვენს წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ცუდები ვიყავით, თქვენ კი, ჩვენს წინააღმდეგ არ უნდა გააკეთოთ, რადგან  ხომ ამბობდით   ამგვარ ბინძურ მეთოდებს არ გამოყენებდით, ამიტომ არც უნდა გამოიყენოთ, რათა ჩვენ დაგამარცხოთ არჩევნებში, ისევ დავბრუნდეთ ხელისუფლებაში და. . . . აწი აღარ ვიზავთ, რაკი  გამოვსწორდებით.

ამ ბოლო პოსტულატში  შეგვიძლია სერიოზული ეჭვი შევიტანოთ, რადგან სისტემა ასე იოლად არ იცვლება და ეს ძალზე მარტივი ტესტით ჩანს. დავაკვირდეთ: როდესაც «ნაცები» ამბობენ, რომ ასეთი მეთოდები არასწორი იყო, ისინი არასდროს (არასდროს!) არ ემიჯნებიან უშუალოდ იმ ფიგურებს, ვინც ამას ჩადიოდა. ანუ, ზოგადად კი აცხადებენ, «არასწორად ვიქცეოდითო», მაგრამ ვინ იქცეოდა ასე, ვინ იყო კონკრეტულად, ემიჯნებიან თუ არა მას, ვინც ასე იქცეოდა, ესე იგი ვინც იმ «მუტრუკთა ბანდებს» ქმნიდა და ოპოზიციას უქსევდა – არასდროს აზუსტებენ!

მეორეს მხრივ, «ოცნებამ», 2012 წლიდან, არაფერი გააკეთა, რათა ის ბანდა, რომელიც 2009 წელს ადამიანებს ქუჩებში ატერორებდა, სათანადოდ დაესაჯა.  ესეც გასაგებია რატომ: არ გააკეთეს იმავე მოსაზრებით («ჩვენც ხომ შეიძლება დაგვჭირდეს»), რის გამოც არ დასაჯეს 26 მაისის დამრბევი სადისტები, ვინც ადამიანებს უკვე მიტინგის შემდეგ მასობრივად აწამებდა პოლიციის განყოფილებებში. ანუ «შემსრულებლები თუ დავსაჯეთ, სისტემა თავზე დაგვენგრევა . . . . . . «.

ხოლო როცა ამ უბადრუკი ლოგიკით მოქმედებ («. . . . . მაშინ სისტემა თავზე დაგვენგრევა») ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიწყებ  ანალოგიური, ბინძური მეთოდების გამოყენებას.

ასე იცის სისტემამ!

 ამიტომ,  სულაც არაა გასაკვირი, თუ დღეს უკვე «ქოცები» -  «ნაცების» წინააღმდეგ ზუსტად იმ მეთოდებს იყენებენ (არც ინანიებენ), რასაც «ნაცები» – მათ წინააღმდეგ და არც მათ მოუნანიებიათ რეალურად რაიმე.

მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა დასაჯერებელი ეს «გამიჯვნა» და არა ასეთი ფორმით: «ჩვენ რომ ვაკეთებდით, ამიტომაც წავედით ხელისუფლებიდან 2012 წელს და . . .  ახლა უნდა დავბრუნდეთ ისევ ხელისუფლებაში . . . . . .  ოღონდ გამოვსწორდებით და ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ აღარ ჩავიდენთ».

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

«კორცხელმა», ნაცვლად «ოცნების» გაძლიერების და «ნაციონალთა» დაჩმორებისა, უკუშედეგი გამოიღო, ანუ სწორედ ხელისუფლების სრული უმწეობა,  უნიჭობა და დაბნეულობა გამოაჩინა!

არადა,  ამგვარ მეთოდს, რა ცინიკურადაც  უნდა ჟღედეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ მოწინააღმდეგეს არა აქვს (როგორც 2009 წელს არ ჰქონდა მაშინდელ ოპოზიციას) ისეთი მძლავრი საპასუხო რესურსი, როგორიც ტეელვიზიაა. სხვა შემთხვევაში, საბოლოოდ, «ნაცემი» ისევ მმართველი პარტია და ხელისუფლება აღმოჩნდება, როდესაც მომგებიანი სვლებიც არ იარსებებს: ამის შემდეგ უკვე ვინღა მივა «ქოცების» მხარდასაჭერად საარჩევნო «ჯახთა» დროს, როცა ნაცები საკუთარ მხარდამჭერთა სრულ მობილიზებას გამოაცხადებენ?

«კორცხელი» მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოდელად იქცა, რომელშიც «ოცნება», თუ ასე გაგრძელდა, კატასტროფულად დამარცხდება, ან ფორმალურად გაიმარჯვებს დაახლოებით ისევე, როგორც შევარდნაძემ გაიმარჯვა 2003 წლის 2 ნოემბერს; თუმცა იმ გამარჯვებას «მოლაყლაყებული ხელისუფლების» რევოლუციური დამხობა მოჰყვება - «არჩევნების გაყალბების» მოტივით.

ამიტომ, «ოცნების» ლიდერები ესოდენ უნიჭონი და უნიათონი რომ არ ყოფილიყვნენ, «ნაციონალთა» მეთოდების კალკირებით კი არ უნდა ეცადათ ფონს გავლა, არამედ ქვეყნისთვის  რაიმე ახალი «დიდი პროექტი» შეეთავაზებინათ, პოზიტიური დღის წესრიგი, სიახლე, კრეატიულობა, ქმედითობა, განვითარების ატმოსფერო და მუდმივი ინიციატივები ყველა მიმართულებით, როდესაც უკვე მათ მოწინააღმდეგეებს მოუწევდათ ამ ინიციატივეზე რეაგირება და არა თვითონ – სხვის დაკრულზე, სხვის დღის წესრიგზე, სხვისი მეთოდებით, იმავე სტილში,  უბადრუკი მიბაძვით  კუნტრუში.

 

”ჯი-ეიჩ-ენი”, კახა კირვალიძე

ავტორი: . .