საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული ნატოსთან სრულად თავსებადი გახდა და მომდევნო სამი წლის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, მას ნატოს სწრაფი რეაგირების დანიშნულებით გამოიყენებენ.
ნატოს შეფასების II დონის წარმატების გავლის შესაბამის დოკუმენტს დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, ეროვნული შეფასების ჯგუფის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვახტანგ ქარცივაძემ და ნატოს მონიტორთა ჯგუფის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დომინიკ სეზარიმ ხელი ოფიციალურად მოაწერეს.
„საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ასეული ოფიციალურად იყო წარდგენილი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში. 2015 წლიდან ის, პრაქტიკულად, მონაწილეობდა ნატოს რეაგირების ძალების სხვადასხვა ღონისძიებებში, მაგალითად, ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო სწავლებებში. დღეს სერტიფიცირების ფორმალური მხარე დასრულდა. ამ ასეულმა გაიარა ჩვენი შიდა შეფასების, აგრეთვე ნატოს შეფასების რამდენიმე დონე. ასეული არის საბრძოლო მზადყოფნაში იმისათვის, რომ მიიღოს მონაწილეობა ნატოს მიერ წარმოებულ ნებისმიერ ოპერაციაში ნატოს რეაგირების ძალების ფარგლებში, თუ ნატო ჩათვლის ამას საჭიროდ“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.
12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ნატოს შეფასების II დონის ფარგლებში დასკვნითი საჩვენებელი წვრთნა ვაზიანის პოლიგონზე გამართა. აღნიშნული სწავლებით ქვედანაყოფმა „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP)“ ნატოს შეფასების II დონე (NEL-2) დაასრულა. პროცესის კოორდინაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J7 დეპარტამენტი ახორციელებდა.
საჩვენებელი სწავლების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უშუალოდ აკვირდებოდნენ.
სწავლების შეფასების მონიტორინგს ნატოს სხვადასხვა შტაბის ოფიცრები მეთვალყურეობდნენ. „ალფა“ ასეულის სამხედროებმა შეტევის ოპერაცია განახორციელეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პირობით მოწინააღმდეგეზე იერიშის დროს ქვეითთა საბრძოლო მანქანები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გამოიყენეს. პირობითად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია საქართველოში წარმოებული სამედიცინო ევაკუატორით „დიდგორით“ განხორციელდა.