დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სამხედრო მარშის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების გამოვლენის მიზნით შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
ჟიურის წევრებმა საქართველოს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული ის 5 საუკეთესო ნაწარმოები მოისმინეს, რომლებიც კონკურსში შემოსულ 51 განაცხადს შორის გამოარჩიეს.
ჟიურის შემადგენლობამ, რომელსაც პრინც უელსის დივიზიონის სამხედრო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირიჟორი, კაპიტანი პოლ კოლინს სმიტი ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ იმსჯელა განაცხადებს შორის გამოკვეთილ 5 მუსიკალურ ნაწარმოებზე და განიხილა საპრიზო ადგილების გადანაწილების საკითხი.
კონკურსში გამოვლინელი საუკეთესო სამხედრო მარში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულდება. პირველი სამი ადგილის მფლობელი კომპოზიტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
შეიარაღებული ძალების სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსი თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით გამოაცხადა. კონკურსი მიზნად ისახავს ქართული სამხედრო სასულე მუსიკის განვითარებასა და ტრადიციების ჩამოყალიბებას.