ENG / RUS       12+

მოუფიქრებელი განცხადება თუ “ოცნების“ ახალი კურსი?

 “ქართულ ოცნებას“ სკანდალები არ სცილდება და თანაც ყველაზე უფრო შეუფერებელ დროს, როდესაც პარტიამ საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება დაიწყო და საარჩევნო სეზონი პარტიის პოლიტსაბჭოში ე.წ. „ახალი სახეების“ შემოყვანით გახსნა. ბედის ირონიით, სწორედ ერთ-ერთმა „ახალმა სახემ“ დავით კოღუაშვილმა  მართლაც რეკორდულად მოკლე დროში, სულ რაღაც ორ დღეში, „ქართულ ოცნებას“ ისეთი პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიაყენა, რომელიც პარტიას ალბათ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გაჰყვება.

რბილად რომ ვთქვათ უხერხულობა შეექმნა პარტიის ახალი ლიდერს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.  კოღუაშვილი პარტიის პოლისაბჭოში ხომ კვირიკაშვილის კრეატურად ითვლება. პრემიერ-მინისტრი  კოღუაშვილთან დაკავშირებით მსუბუქი კრიტიკით შემოიფარგლა და მის განცხადებებს „მოუფიქრებელი“ უწოდა. ის მკაფიოდ არ გაემიჯნა კოღუაშვილის განცხადებების შინაარსსა და პათოსს და ეცადა ჩვეული კეთილშობილური ფრაზებით გაენეიტრალებინა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში წარმოქმნილი უკმაყოფილება. თუმცა, ამჯერად კვირიკაშვილს ხანძრის ჩაქრობა გაუჭირდება, რადგანაც  „ოცნების“ მომხრეებმა კოღუაშვილის განცხადებები აღიქვეს, როგორც არა მხოლოდ მისი პირადი აზრი, არამედ როგორც „ქართული ოცნების“  მიდგომების ცვლილება იმ ფუნდამენტალური თემის  მიმართ, რომლის ექსპლუატაციით  „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა წინა არჩევნებზე და დღესაც ამით ინარჩუნებს  მნიშვნელოვან ელექტორალურ რესურსს. ეს თემა კი გახლავთ დამოკიდებულება „ნაცმოძრაობასთან და მის მმართველობის პერიოდთან.

თუმცა დავუბრუნდეთ კოღუაშვილის განცხადებას. „დაუფიქრებელს“ მას ვერ უწოდებ, რადგანაც საგაზეთო ინტერვიუში გამოთქმული „განსხვავებული“ მოსაზრებები „ნაცმოძრაობის“ ლიდერებზე, კოღუაშვილმა შემდეგ ტელეინტერვიუებშიც გაიმეორა. თუმცა, აუდიტორია რატომღაც არ ჩაუღრმავდა მისი განცხადებების შინაარსს. კოღუაშვილმა კი თქვა, რომ თუკი დასავლეთი გიგი უგულავას პოლიტპატიმრად აღიარებს, საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლება მოუწევს, რადგანაც ჩვენს ხელისუფლებას პოლიტპატიმრები არ სჭირდებაო. მართლაც, ქვეყანა, რომელსაც პოლიტპატიმრები ჰყავს, ევროპაში ინტეგრაციაზე არ უნდა საუბრობდეს. თუ ევროპასა და ამერიკაში შესაბამისმა ორგანიზაციებმა დაადგინეს , რომ უგულავა, მერაბიშვილი ან ციხეში მყოფი წინა ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი პოლიტპატიმრები არიან, აღარ ექნება მნიშვნელობა რამდენად დაეთანხმება ამას ქართული საზოგადოებრიობის უმეტესობა. საკითხი დადგება პირდაპირ და ძალიან ხისტად. ან ხელისუფლება ათავისუფლებს დასავლეთის მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეულ პირებს და აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესს, ან უარს ამბობს მათ გათავისუფლებაზე და პროცესი ფერხდება. როდესაც კოღუაშვილი დამაჯერებლად საუბრობდა იმაზე, რომ მალე გიგი უგულავა დატოვებდა ციხეს, როგორც ჩანს მას გააჩნდა ამის თქმის საფუძველი და ის ინფორმაცია რაც შესაძლოა ჩვენმა საზოგადოებამ ჯერ არ იცის.  

პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები და მტრები არ არსებობენ და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესებიც ამას ადასტურებენ. კოალიცია „ქართული ოცნების“ აწ უკვე ყოფილი წევრები (რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები) უპრობლემოდ თანამშრომლობენ „ნაცმოძრაობასთან“ სხვადასხვა საკითხებზე.

„ქართული ოცნება“ კი ამ მხრივ განსაკუთრებულ მდგომარეობაშია. ის საკუთარი, პოლიტიკური დღის წესრიგის მძევალია, რაც პარტიას გარკვეულ პრობლემებს უქმნის დასავლეთთან ურთიერთობაში. როდესაც გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ მინისტრი გახდა, მის განცხადებებში იკითხებოდა სურვილი რამენაირად, ისე რომ პარტიის ინტერესები არ დაეზარალებინა, შეეცვალა პარტიული მიდგომები, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ მიმართ. დავით კოღუაშვილმაც თავის განცხადებებში სწორედ ეს გაახმოვანა, ოღონდ უფრო ღია და პირდაპირი ფორმით, რაც „ქართული ოცნების“ ვეტერანებსა და მკაცრი ხაზის მომხრეებს ბუნებრივია არ ესიამოვნათ. 

იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა კოღუაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრად, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს პარტიის მიმართ ეჭვები და კითხვები მაინც ექნებათ. ამის გასანეიტრალებლად კი „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა ექსტრაორდინარული ნაბიჯების გადადგმაც კი მოუწიოს. 

ზაალ ანჯაფარიძე

 

ავტორი: . .