საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით ახალგაზრდა ლიდერებთან და სტუდენტებთან რეგულარულ შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმა დღეს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სამხედრო სამედიცინო სამსახურის ისტორია და სამედიცინო სამსახურის სტრუქტურა გააცნო.
სტუდენტებს სამხედრო-სამედიცინო დახმარების სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს წვრთნებისა და განათლების სარდლობის ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სტუდენტებს გორის სამხედრო ჰოსპიტლისა და წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებაც ესაუბრნენ და დაინტერესების შემთხვევაში მათ წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრში სტაჟირების გავლაც შესთავაზეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო თემატიკაზე, უწყების პრიორიტეტებსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ლექციების სერიას დედაქალაქსა და რეგიონის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს.