თავდაცვის სამინისტრომ 27 მაისს იპოდრომის პარკში (ძველი იპოდრომის ტერიტორია) შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების საინფორმაციო კამპანია დღეს, ოფიციალურად გახსნა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება თავისი ფორმატითა და შინაარსით Social Event-ია, თუმცა, სამხედრო კომპონენტების ინტეგრირებასაც ითვალისწინებს. მისი მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების როლისა და კომპეტენციების შესახებ საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირებაა.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, დღეს, დავით აღმაშენებელის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტები და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, თბილისის სამოცამდე საჯარო სკოლას ამერიკული ჯავშანმანქანებით, „ჰამერებით“ესტუმრნენ. იუნკერების და ჯარისკაცების სტუმრობას სკოლებში მოსწავლეები დიდი ინტერესით შეხვდნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. სტუმრებმა მათ საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გააცნეს, საინფორმაციო ხასიათის ბეჭდური მასალები დაურიგეს და ღონისძიებაზე მოიწვიეს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებისა და სამხედრო მოსამსახურეების შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან 25 მაისამდე გაგრძელდება.
27 მაისს, 11:00 საათზე იპოდრომის პარკში საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში სამხედრო ჯავშანტექნიკის გამოფენა, სამთო, კიბერ და სამედიცინო სწავლებები, თამაშები, სამხედრო ორკესტრების შოუ, ასევე ქართველი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების საპარაშუტე შოუ და სხვადასხვა სახის შემოქმედებითი წარმოდგენები გაიმართება.