საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დევალა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შეისწავლოს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა, - ამის შესახებ აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ”ჯი-ეიჩ-ენის” ინფორმაციას:
ბოლო დღეებში, საქართველოს სხვადასხვა რაიონებში მოსული სეტყვის შედეგად, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მილიონობით ლარს შეადგენს. ”ჯი-ეიჩ-ენის” ინფორმაციით, ამ ზარალის თავიდან აცილება ან მინიმალიზირება შესაძლებელი იქნებოდა თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ვადებში რომ მიეცა დაფინანსება სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტასთვის“, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებს გამართული მუშაობისთვის.
სპეციალისტების განცხადებით, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. მხოლოდ ერთ დღეს, 6 მაისს, მოსული სეტყვის შედეგად გორის რაიონში, დაახლოებით 6500, ხოლო ქარელის რაიონში - 1200 ჰექტარზე დაზიანდა როგორც ერთწლოვანი, ასევე მრავალწლოვანი ნარგავები და ნათესი ფართობები. სულ, ამ დრომდე, შიდა ქართლსა და კახეთში ზარალისმომტანი სეტყვა მოვიდა 8-ჯერ და ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ნარგავები 10 ათას ჰექტარამდე ფართობზეა დაზიანებული.
საქართველოს სხვადასხვა მინიციპალიტეტებში მოსული სეტყვისა და სასოფლო სამეურნეო სავარგულების განადგურების შემდეგ, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრმა „დელტამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებს მაისის ბოლომდე აამოქმედებდა.
”ჯი-ეიჩ-ენის” ინფორმაციით, ”დელტას” შეფერხება თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ცენტრთან დაპირისპირებამ და კონკრეტულად სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების არაპრიორიტეტულ მიმართულებად მიჩნევამ განაპირობა.
მართალია, ”დელტაში” საყვედურს თავდაცვის სამინისტროს, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიმართ ღიად არ გამოთქვამენ, თუმცა ცენტრში ყველასთვის ცნობილია, რომ მის ხელმძღვანელობას აქვს სამინისტროსთან კომუნიკაციის პრობლემა.
კონკრეტულად, სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარის უმოქმედობასთან დაკავშირებით ”ჯი-ეიჩ-ენს” ”დელტაში” განუცხადეს, რომ დანადგარი მწყობრში მაისის ბოლოს იქნება.
სააგენტოს კითხვაზე, რატომ შეხვდა ”დელტა” ასე მოუმზადებელი უამინიდობას, ცენტრში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ”დანადგარის პროგრამული გადატვირთვის პროცესი”.
”შარშან დანადგარი მუშაობდა სატსეტო რეჟიმში. ჩვენ უცხოეთიდან შემოგვქონდა რაკეტები. წელს თავად დავიწყეთ რაკეტების წარმოება, რამაც აუცილებელი გახადა დანადგარის სრული პროგრამული გადატვირთვა, რაც სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე დასრულდება”, - განუცხადა ”ჯი-ეიჩ-ენს” ”დელტას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა თამარ გვარიშვილმა.
ამავდროულად, ”დელტაში” აცხადებენ, რომ ისინი ინტენსიურად და პროდუქტიულად თანამშრომლობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და პროცესში მათი მხრიდან ხელისშემშლელ არავითარ ფაქტორს არ ხედავენ.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ კითხვებს - დაფინანსების დროულად მიღების ან/და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ - ”დელტაში” კომენტარისგან თავს იკავებენ.
თუმცა ”ჯი-ეიჩ-ენის” ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედ დაფინასების დაგვიანება და არასათანადო კომუნიკაცია გახდა სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარის მწყობრში შესაბამის ვადებში შესვლის შეფერხებისა და მოსახლეობისთვის მიყენებული მილიონობით ლარის ზარალის მიზეზი.
”ჯი-ეიჩ-ენი” ასევე ფლობს ინფორმაციას, რომ აღნიშნულ საკითხზე ”დელტას” ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიმართა თავდაცვის სამინისტროს და კონკრეტულად მინისტრს, კურატორ მოადგილეს (დ. ებრალიძე), თუმცა ეს საკითხი შესაბამის ვადებში არ იქნა განხილული და დაკმაყოფილებული.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში ვალდებულების პირნათლად შესრულებაზე საუბრობენ.
”ჩვენ პირნათლად შევასრულეთ ის, რაც გვთხოვა ”დელტამ”, თანხა გადავურიცხეთ”, განუცხადა ”ჯი-ეიჩ-ენს” სატელეფონო კომენტარში თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა მედიასთან ურთიერთობის საკითხებში, იმედა დარსალიამ.
დამატებით შეკითხვებზე სამინისტრო ოფიციალურ მიმართვას ითხოვს. თუმცა პრობლემა ”ჯი-ეიჩ-ენის” ინფორმაციით, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ”დელტას” თანხა დაგვიანებით ჩაერიცხა, რაც გახდა შექმნილი ვითარების მიზეზი.
ამასობაში კი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონების სამხარეო ადმინისტრაციებში ზარალს ითვლიან. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი თანადგომას ხელისუფლებისგან ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობა სსსტც „დელტამ“ 2013 წელს, საქართველოს მთავრობის დაკვეთით დაიწყო. სისტემის, როგორც ელექტრონული, ასევე მექანიკური კომპონენტების უდიდესი ნაწილი სსსტც „დელტას“ საწარმოებში დამზადდა. სისტემის შემადგენლობაში შედის: მართვის ცენტრი თბილისში, ცენტრალური მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი სიღნაღთან და 80 ერთეული სარაკეტო გამშვები დანადგარი მთელი კახეთის მასშტაბით.
სისტემის პირველი სროლები 2015 წლის 28 მაისს განხორციელდა. მთლიანობაში სეზონზე 1000 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტაა გასროლილი.
გასული წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონის განმავლობაში კახეთში 50 სეტყვასაშიში პროცესი განვითარდა, მათგან სისტემამ 47 შემთხვევა სრულიად გაანეიტრალა. საბოლოო შედეგებით, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ მიმდინარე წელს 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.
სისტემაში გამოყენებული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტები მსოფლიო სტანდარტების დაცვით არის დამზადებული - ვერცხლის იოდიდის შემცველ რეაგენტს შეიცავს და ეკოლოგიურად სრულიად უსაფრთხოა.