საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ცოლ-ქმარს, ოლღა პავლიაშვილს და გია გიგუაშვილს 2008 წელს უკანონოდ ჩამორთმეული გორის საცურაო კომპლექსი დაუბრუნდებათ.
პროკურატურის ინფორმაციით, კომპლექსი მოიცავს 1 559 კვადრატული მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებულ 1373 კვ. მეტრ შენობა-ნაგებობას, საცურაო აუზით.
გამოძების ინფორმაციით, 2007 წელს 6 ივნისს ცოლ-ქმარმა ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამართულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ, კანონიერად შეიძინეს შპს „აკვაპარკის" 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში ჰქონდა გორში მდებარე საცურაო კომპლექსი.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ ფაქტიდან ერთ წელიწადში, 2008 წლის ივლისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც შპს „აკვაპარკის“ ქონება იმჟამინდელი ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პროკურატურის ზემდგომი თანამდებობის პირებისგან მიიღო უკანონო დავალება, ოლღა პავლიაშვილისთვის და მისი მეუღლე გია გიგუაშვილისთვის მოეთხოვა აუქციონის გზით შეძენილი უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ, საჩუქრად გადაცემა.
ამ მიზნით, გორის რაიონულ პროკურატურაში, რამდენჯერმე დაიბარეს დაზარალებული გია გიგუაშვილი, რომელსაც პროკურორი დაკავების მუქარით კატეგორიულად სთხოვდა ხსენებული ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას. დაზარალებული, მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, იძულებული გახდა დათანხმებოდა უკანონო მოთხოვნას.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2008 წლის 17 ივლისს, გორის რაიონულ პროკურატურაში, დაზარალებულმა გია გიგუაშვილმა, პროკურორის და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის თანდასწრებით, ხელი მოაწერა პროკურატურაში შედგენილ ჩუქების ხელშეკრულებას, რითაც მან სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა მათი ოჯახის კუთვნილი 736 225 ლარის ღირებულების 1559 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 1373.2 კვ.მ. შენობა-ნაგებობით (გორის საცურაო კომპლექსი).
გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ჩამორთმევაში მხილებული პროკურორის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს პროკურატურის რიგები, გამოყენებულ იქნა დისკრეციული უფლებამოსილება და არ მოხდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ამ დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად, აღდგენილი იქნება დაზარალებულთა დარღვეული უფლება. პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება გადაეგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც დაიწყებს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს ოლღა პავლიაშვილს და გია გიგუაშვილს დაუბრუნდეთ უკანონოდ ჩამორთმეული უძრავი ქონება.