დღეს ორ კონტინენტზე გაისმა საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის სახელმწიფო ჰიმნები, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული სწავლების ოფიციალურ გახსნაზე.
მისი თქმით, სამი სახელმწიფოს ჰიმნები აშშ-ში Invictus „ძლიერთა თამაშებზეც“ გაისმა და სახელმწიფო დროშები გამარჯვებულთა კვარცხლბეკებთან ფრიალებდა.
მინისტრმა „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე სამხედროებს დღევანდელი დღე მიულოცა.
„ მინდა, დღევანდელ დღეს მივულოცო ჩვენს ბიჭებს ძალიან დიდი წარმატება „ძლიერთა თამაშებში“. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ გამძლეობისთვის, იმ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელსაც ისინი ემსახურებიან, სიძლიერის დემონსტრაციისთვის, იმისთვის, რომ არაფერი არ არის შეუძლებელი. თუ ძალიან მოინდომებ, არ არსებობს წინაღობა, რომელსაც ვერ გადალახავ. საქართველო პატარა ქვეყანაა, პატარა ქვეყანა დიდი მონდომებით და კიდევ უფრო მეტი შემართებით. საქართველო მზადაა, ყველა გამოწვევის მისაღებად და ღირსეულად გასამკლავებლად, Invictus-ის თამაშებზე ჩვენმა გუნდმა სწორედ ეს აჩვენა საუკეთესოდ“, - განაცხადა მინისტრმა.