საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდმა საერთაშორისო შეჯიბრება „ძლიერთა თამაშების“ ფარგლებში გამართულ მჯდომარე ფრენბურთის მატჩში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი სამხედროები ნახევარფინალში დიდი ბრიტანეთის გუნდთან - ანგარიშით 2-1 დამარცხდნენ. ხოლო, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 2-0 დაამარცხეს.
თადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მოასპარეზე ქართველი სამხედროების ანგარიშზე კიდევ ერთი პრიზი, ვერცხლის მედალი ირიცხება, რომელიც 100 მეტრზე სირბილში სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა მოიპოვა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში, გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობენ.
საერთაშორისო შეჯიბრება უოლტ დისნეის ESPN სპორტულ კომპლექსში იმართება. სპორტული ღონისძიება 8 მაისს დაიწყო და 12 მაისს დასრულდება.