საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა სამხედრო საკითხებში, პოლკოვნიკმა გიორგი თავდგირიძემ საქართველოს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, სამინისტროს წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია თავდაცვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ.
შეხვედრაზე ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე, რეზერვის ახალ კონცეფციაზე, უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. სტუმრები გაეცნენ სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობას და დაათვალიერეს სამინისტროს ტერიტორია.
შეხვედრა საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრმა (GCSD), ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა.
პროექტის მიზანია, საქართველოს რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებათა წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ამ თემების პრიორიტეტად განსაზღვრა საარჩევნო პროცესებში.