დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს, რათა გავაძლიეროთ საქართველოს სამხედრო შენაერთების თავდაცვისუნარიანობა და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ერთობლივი წვრთნები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი ერთობლივ წვრთნებს დასავლეთთან პარტნიორობის ნათელ მაგალითად მიიჩნევს,
„ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი ჩვენი პარტნიორობისა დასავლეთთან. მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდა. ჩვენ გავიარეთ მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს სამხედრო რეფორმისა, როდესაც საქართველოს სამხედრო შენაერთები არიან მაქსიმალურად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. ეს არის გამოხატულება საქართველოს ურყევი ნებისა და მოსახლეობის სუვერენული გადაწყვეტილებისა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის თაობაზე. ნებისმიერი შეკითხვა ამ ვექტორის თაობაზე, ჩემი აზრით, არის არაობიექტური და უადგილო. ეს წვრთნები არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ აქ პროვოკაციის ნასახი არ არის. გაცილებით უფრო მეტი პროვოკაციული ელემენტია იმ ხელშეკრულებებში, რომლებიც იწერება რუსეთის ფედერაციას, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის. ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად არანაირ პროვოკაციას ადგილი არ აქვს “,-აღნიშნა პრემიერმა.