“ამერიკის ხმის" ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტევრიუში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს.
"ცოტა ხნის წინ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენისა და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის შესანიშნავ შეხვედრას დავესწარი, სადაც ამ საკითხზეც ისაუბრეს. როგორც მოგახსენეთ, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას დავუჭერთ მხარს. ჩვენი შეფასებით, ყოველწლიური სამოქმედო პროგრამისა და თავდაცვის სხვადასხვა პროგრამების სახით, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისათვის ყველა მექანიზმი ხელთ აქვს. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრსაც ესმით, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს, მაგრამ როგორც ვთქვი, საქართველოს ყველა მექანიზმი გააჩნია, რათა ინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს", - განაცხადა კარპენტერმა.
მისი თქმით, ვარშავის სამიტის დეკლარაციაში საუბარი იქნება ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველ პაკეტზე.
"საქართველო ნატო-ს სხვადასხვა ინიციატივებში აქტიურადაა ჩართული. ველოდები, რომ ვარშავის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ივლისში გამოქვეყნდება, ნატო-საქართველოს ყოვლისმომცელ პაკეტზეც იქნება საუბარი, ნატოელი მოკავშირეები კი ორმხრივ ფორმატებში ითანამშრომლებენ საქართველოსთან. შეერთებული შტატები საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან უფრო მეტ ერთობლივ წვრთნებს გამართავს", - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნამა ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობა დადებითად შეაფასა და იქ დაღუპული ქართველი სამხედროების შესახებაც ისაუბრა და მათ მიმართ მადლიერება გამოთქვა. "საქართველომ 30 მეომარი დაკარგა და დაახლოებით 300 დაუშავდა. საქართველო თავს არ ზოგავს. ჩვენ ყოველ წუთს მადლიერნი ვართ მისი. ქართველი ჯარისკაცები უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალშიც მკურნალობენ. ამგვარად, საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლის უშუალო თვითმხილველნი ვართ", - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.