სოფელ სკრაში ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისათვის" სატრასტო ფონდის პროექტ "საქართველო-4"-ის მიმდინარეობას ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი და ლიტვის საგანგებო და სრულუფლებანი ელჩის მოადგილე იურატე რამოსკიენე გაეცნენ.
სტუმრებს ნატოს უზრუნველყოფის და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) პროექტის მენეჯერმა გვანცა კვინიკაძემ, ასევე, შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ასეულის და
სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ "დელტას" წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
ჩეხეთი და ლიტვა ნატოს პროექტ "საქართველო-4"-ის წამყვანი ქვეყნები არიან. პროექტი, რომელიც 2014 წლის ივნისში დაიწყო, 2008 წლის ომის დროს სკრაში მდებარე შეიარაღების აფეთქებული საცავის მიმდებარე ტერიტორიის ფეთქებადსაშიში ნარჩენებისგან გაწმენდას, ასევე საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულისთვის წვრთნების ჩატარებას და აღჭურვილობის მიწოდებას ითვალისწინებს. სკრაში გაწმენდით სამუშაოებს ასეულის 19 სამხედრო მოსამსახურე ასრულებს. დღეისთვის გაწმენდილია 25 000 კუბურ მეტრზე მეტი დაბინძურებული მიწა, აღმოჩენილი და განადგურებულია რამდენიმე ასეული აუფეთქებელი საბრძოლო მასალა.
სტუმრებმა მიღწეული შედეგი დადებითად შეაფასეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს პროექტში ჩართულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და პროექტის მნიშვნელობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
პროექტის ბიუჯეტი 1,3 მილიონ ევროს შეადგენს და მასში, წამყვანი ქვეყნების გარდა, წვლილი აშშ-მა, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა, დანიამ, გერმანიამ, ირლანდიამ, იაპონიამ, ლუქსემბურგმა, ესპანეთმა, შვედეთმა და თურქეთმაც შეიტანეს.