საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეიარაღებულ ძალებს 25 წლის იუბილეს ულოცავს.
”შეიარაღებული ძალების სრულ შემადგენლობას ვულოცავ დღევანდელ დღეს!
25 წლის წინ შეიარაღებული ძალების შექმნით საქართველომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე. დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქართული ჯარი ყველა პარამეტრით პასუხობდეს მაღალ თანამედროვე სტანდარტებს. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ მიზნის განხორციელებისთვის ჩვენ გვაქვს უმთავრესი საფუძველი - ეს არის ჩვენი ჯარისკაცების მხედრული სული. ჩვენ გვყავს ისეთი ჯარისკაცები, როგორითაც ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა. ეს ჩვენი სიმდიდრეა. ამას მოწმობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობაც.
გპირდებით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ქართულ ჯარში სამსახური გახდეს უფრო და უფრო პრესტიჟული და სიტყვები - „ვემსახურები საქართველოს!" - გახდეს კიდევ უფრო საამაყო ქართველი ჯარისკაცისთვის”, - ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.