რესპოდენტის შესახებ
”ჯი-ეიჩ-ენი” პოლიტიკური გაერთიანება ”ლიბერალ-დემოკრატების” თავმჯდომარეს, მუხრან ბურჭულაძეს ესაუბრა.
ბატონო მუხრან, თქვენმა პარტიამ 8 მაისისთვის საკმაოდ ხმაურიანი აქცია დააანონსა, თუმცა ისიც ვაღიაროთ რომ ”ДеньПобеды” საქართველოში ათეულობით წელია 9 მაისს აღინიშნება. აქ ორი მომენტია დასაფიქრებელი, - ხომ არ გავანაწყენებთ ჩვენს გმირ ვეტერანებს და მეორე - აგყვებიან ჩვენს გვერდით ჭარბად მყოფი ”საბჭოთა მენტალობის” ადამიანები? სტალინი, ბევრისთვის ჯერაც კერპია.
8 მაისის მიტინგით დაიწყება დიდი მხილება, მხილება რუსული ფაშიზმისა და ანტიქართული ელემენტების. თუ დღეს რუსული იარაღით ვინმდე იდევნება და კვდება ეს მსოფლიოს უმოქმედობაზე მეტყველებს. ჩვენ გვყავს ათასობით ეთნიკური ნიშნით დევნილი და მოკლული მოქალაქე, ეს ვერ დასრულდება სანამ ღიად არ ვამხელთ მტერს. საქართველო ყოველთვის იყო სიმართლისა და თავისუფლების მედროშე და სწორედ ჩვენი ვალია ვამხილოთ რუსული ფაშიზმი. ჩვენ ვაღიარებთ ქართველი მებრძოლების დამსახურებას ფაშიზმთან ბრძოლაში და მეტიც - ვაგრძელებთ ბრძოლას რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ. 8 მაისს მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვებას იზეიმებს, მაგრამ რუსეთი ემიჯნება მსოფლიოს ღირებულებებით და პოლიტიკით. რუსული 9 მაისის აღლუმი ტოტალიტარიზმის და ბოროტების დემონტსრირებაა, რომლის მხარდაჭერაც დანაშაულია. რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდული ომების წარმოებას და ამის ნათელი მაგალითია ჩემი ქვეყანა. ჩვენ ვამხელთ მტრის გავლენის აგენტებს, რომლებიც ახალისებენ შუღლს ჩვენს მოქალაქეებს შორის, ეთნიკურ, რელიგიურ თუ პოლიტიკურ ნიადაგზე, რაც მტრის პოლიტიკის გატარებაა. 8 მაისიდან ჩვენ გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე და ეს ბრძოლა ჩემს ხალხს თავისუფლებას მოუტანს. ჩვენი ვალია გავაერთიანოთ საზოგადოება ქართული იდეალების გარშემო, დავამკვიდროთ სამართლიანობა და გავამთლიანოთ სახელმწიფო.
როგორ ფიქრობთ, შემოუერთდებიან თქვენს ინიციატივას სხვა პარტიები?
ბევრმა ვერ გაიგო მთავარი - ჩვენი დაქსაქსვა კრემლის მიზანია. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხედვებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს საერთო მრწამსი ქვეყნისა და პასუხისმგებლობა ქართველი ერის წინაშე. მესმის ზოგს გაუჭირდება შემოერთება -კონკურენცია ხომ მტრობად აღიქმება ახლა, მაგრამ მტერი ერთი გვყავს და ის უნდა დავამარცხოთ. ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ მონაწილეობენ რუსულ თამაშში თუ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. 8 მაისის მიტინგი იქნება ლუსტრაციის და ეროვნული თანხმობის საწყისი ეტაპი.
„ლიბერალ დემოკრატები“, რომლის თავმჯდომარე თქვენ ბრძანდებით, საკმაოდ ამბიციური განაცხადით შემოხვედით ქართულ პოლიტიკაში. საინტერესოდ გამოიყურება თქვენი რიგებიც - ახალგაზრდები და ცხოვრებისა და პოლიტიკისგან გამოცდილი ადამიანები დგახართ გვერდი-გვერდ - ”ზვიადისტები”, ”მიშისტები”, უპარტიოები. რა სურთ „ლიბერალ დემოკრატებს“ და ვინ ხართ თქვენ?
ჩვენი ერთობა დგას იმ იდეალებზე, რამაც აქამდე მოიყვანა საქართველო. 1992 წელს რუსეთმა მოსპო იდეოლოგიური გაერთიანებები, მოშალა მრავალპარტიული სისტემა და დაჰყო ერი ამა თუ იმ ლიდერის მიმდევრებად. ეროვნული კონსენსუსის მოშლა და საზოგადოებრივი აზრის ვიწრო წრეების ინტერესებად გასაღება კრემლის სცენარია. ჩვენ ვაწარმოებთ ზეპარტიულ პოლიტიკას და თითოეული მოქალაქის ცოდნას მოვახმართ ქვეყნის კეთილდღეობას. არსებობს საქართველოს მოქალაქე და არა იმისიანი ან ამისიანი. დღეისათვის „ლიბერალ დემოკრატები“ არის პირველი იდეოლოგიური პარტია და ღირებულებითი ხიდი თაობებს შორის. ეროვნული მოღვაწეები გვიზიარებენ გამოცდილებას და იდეალებს, ჩვენი თაობა კი ამ იდეალებზე დააშენებს თანამედროვე სახელმწიფოს.
საქართველოში პარტიების რაოდენობაზე შეიძლება ვიხუმროთ კიდეც - ზღვაში ქვიშა და ცაში ვარსკვლავები. ნუთუ თქვენ, ან თქვენმა წევრებმა ვერ ნახეთ სხვა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც დააკმაყოფილებდა თქვენს ღირებულებებსა და მისწრაფებებს?
ბევრი მოქმედი პარტიაა ძველი საბჭოთა შლეიფით, რაც ამ საუკუნის სტანდარტებს ვერ პასუხობს. სამართლიანობას ვერ დაამკვიდრებს ის, ვინც თავად გაილაშქრა მის წინააღმდეგ. გამოუძიებელია სახელმწიფო გადატრიალების საქმე, რუსეთ - საქართველოს ომი და ა.შ. ამ ომმა წაართვა ჩემს ხალხს ეროვნული თანხმობა და თავისუფლება, მოუსპო ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობა და შეურყია ეკონომიკა. სახელმწიფო გადატრიალებას, როგორც რუსულ სადამსჯელო ღონისძიებას, ემსხვერპლა ათასობით ჩვენი მოქალაქე და საქართველოს პირველი პრეზიდენტი. შემთხვევითობა არც ისაა, რომ ზვიად გამსახურდიას საქმე დღემდე გამოუძიებელია - ეს ქვეყნის სირცხვილია. გადატრიალებაში მონაწილე პირები ახლა ქვეყანას მართავენ და ღიად აწარმოებენ ანტიქართულ პროპაგანდას. ქართული პოლიტიკა დღეს კულუარებში კეთდება, ჩვენი მიზანია ვაწარმოოთ თანამედროვე-ღია პოლიტიკა.
ქართული პოლიტიკის ნიშები, ფაქტობრივად გადანაწილებულია. უფრო მეტიც, გარკვეულ პარადოქსთან გვაქვს საქმე, ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან იბრძვიან პირველობისთვის. რამდენად სწორი ტაქტიკა აქვს არჩეული ოპოზიციას?
ტრაგედიაა - პარტიების უმეტესობის მიზანია ფული და გავლენა, ჩვენი - ეროვნული პოლიტიკის წარმოება. სახეზეა ორი ძირითადი ბანაკი ფსევდოევროპული და რუსული. მათმა ანტიქართულმა პოლიტიკამ დამიხლიჩა და გამიღატაკა ერი. ძირითად პარტიებს (როგორც ისინი თავს უწოდებენ) გეზი არ აქვთ, ისევე როგორც ქვეყანას და საქართველოც მიჰყვება დინებას. ადამიანი აღარაა ღირებულება, არ გვაქვს მტკიცე საშინაო და არც საგარეო პოლიტიკა, ოკუპანტი დგას ქართულ მიწაზე, ქვეყანას არ აქვს ეკონომიკური ვექტორი, მეტიც - გვაქვს მოძველებული სოციალისტური წყობა. თავისუფლება იმისთვის არ მოგვიპოვებია, რომ საბჭოთა სისტემა გადავულოცოთ თაობებს. მარქსისტი ლიდერები უხვად გპირდებიან მათხოვრულ ლუკმას და გამცირებენ. ფსევდოპატრიოტებს სჭირდებათ იდეურად გამოფიტული და მკვდარი მასსა. ისინი გპირდებიან - მოვალთ და გარჩენთ, საქართველო ინდაურების ფერმა არაა ხელით კვებო, ქართველები ვიმსახურებთ მეტ პატივისცემას. ჩვენ ვიბრძვით, ვიშრომებთ და შევქმნით ძლიერ ქართულ სახელმწიფოს, თანამედროვე განათლებით, ძლიერი ეკონომიკითა და უსაფრთხოებით. „ლიბერალ დემოკრატები“ არის პირველი ქართული პარტია რომელმაც გამოსცა მანიფესტი, ნუთუ არ გიკვირთ რატომ არაა ეს თქვენთვის ცნობილი. ჩემს გუნდს არ ახასიათებს საარჩევნო სატყუარები და ყალბი დაპირებები, ამით ვაშინებთ პოლიტიკურ ელიტას და ამიტომაც გვებრძვიან გასული საუკუნის მეთოდით.
წინა ხელისუფლების პირობებში რატომ არ განაცხადეთ პოლიტიკაში ჩართვის სურვილი? გასაგებია რომ არ მოგწონთ დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის სტილი და მისი ღირებულებები. მაგრამ ლოგიკურია ამორჩევლის კითხვაც, რომელიც შესაძლოა, დაგისვან კიდეც - წინა ხელისუფლების ყველაფერი მოგწონდათ? ან კონკრეტულად, რა არ მოგწონდათ და რატომ?
მე გახლდით იმ რეფორმების მონაწილე, რომლითაც თავი მოაქვს მთავრობას, მაგრამ თავისუფლება და სამართლიანობა - ესაა უმთავრესი ღირებულება, რაც მტერმა წაგვართვა და დღემდე არც არავის უზრუნია მის განსამტკიცებლად. პიროვნება, სასამართლო, მედია ერთ ვერტიკალს ექვემდებარება. დღემდე პარტიების მიზანი ერთპარტიული პარლამენტია მონოლითული უმრავლესობით, თუმცა ჩვენი მიზანი მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებაა. 1992 წლიდან გვაქვს ერთპარტიული საბჭოთა სისტემა და ასეთი ვეღარ იქნება საქართველო. ფსევდოევროპული ტელევიზიების ეთერი მხოლოდ ანტიქართული პროპაგანდის ადგილია. რუსეთის გავლენის აგენტები თავისუფლად გმოძღვრავენ ფერადი ეკრანებიდან. საუბრობენ აბრეშუმის გზაზე და ქვეყანას არ აქვს საკუთარი ავიაცია და ფლოტი, არ აქვს შესაბამისი სერვისი და მისი უსაფრთხოება. ჩვენ ჩავუყრით საფუძველს ძლიერ ქართულ ავიაციას და საქართველოს ექნება გაცილებით მეტი შემოსავალი. 8 მაისს ღიად ვამხელთ ანტიქართულ საქმეს, ვერსად დაგვმალავენ, გამოვალთ გარეთ, დავივლით ყველა კუთხეს და თითოეულ მოქალაქესთან პირადად მივიტანთ სიტყვას. მათი იარაღი ფული და ძალაუფლებაა, ჩვენი - სიმართლე და ცოდნა, ამიტომაც გავიმარჯვებთ.
გახსოვთ გამსახურდიას და მისი თანამებრძოლების როგორი ხატი შეიქმნა თავის დროზე - რადიკალები, ნაციონალისტები... ანუ, ამ ადამიანებს აიგივებდნენ ყველაფერთან რაც რეგრესს უკავშირდებოდა. პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლები არიან თქვენს რიგებში. რეალურად, რამდენად არის მათთვის ღირებულება ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებები თუ ისინიც ფიქრობენ, რომ დასავლეთი - ევროპა, ამერიკა რყვნის?
საქართველო არის ევროპა და ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ჩვენ გავამთლიანებთ საქართველოს და ვაქცევთ მას წარმატებულ კაპიტალისტურ სახელმწიფოდ. გამსახურდიას გუნდს ხალხმა უწოდა ეროვნული ხელისუფლება და ეს ყველაფერს ამბობს. რუსულმა მანქანამ კარგად იმუშავა, მოახდინა ლიდერების დისკრედიტაცია, პრეზიდენტი კი მოკლა. დამპყრობლისგან გათავისუფლება უკვე რადიკალური მოთხოვნაა და მტერთან უნდა იყო კიდეც რადიკალი. არცერთ ქართულ მთავრობას არ უღიარებია ეროვნული ხელისუფლების წვლილი, თუმცა საქართველოს ევროპულ კურსს ეროვნული ხელისუფლების პირობებში ჩაეყარა საფუძველი. ევროპული ოჯახი გახლდათ დამოუკიდებელი საქართველოს არჩევანი და ზვიად გამსახურდიაც ქართული ანუ ახალი ევროპული პოლიტიკის მხარდაჭერას ითხოვდა. აბრეშუმის გზის ინიციატივას შეეწირა პირველი პრეზიდენტი. ამ პოლიტიკით მოქმედებს ევროპა, მაგრამ ჩამორჩა საქართველო. ყველა მთავრობა იჩემებს ევროპულ კურსს, თუმცა საქართველოს ევროპულ მომავალს 1991 წელს ჩაეყარა საფუძველი. ჩვენი ვალია დავუბრუნოთ ქვეყანა ევროპულ კურსს და გთავაზობთ დოქტრინას, რომელიც არის თანამედროვე საქართველოს გზამკვლევი. ჩვენ ყველას ვუწვდით ხელს, რომ ერთად ვაშენოთ ღირსეული მომავალი.
”ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა გეგა სილაგავა