თავდაცვის სამინისტროს ამერიკელი სოციალური მედიის ექსპერტები ესტუმრნენ. ექსპერტებმა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუმრებს დეპარტამენტის მიზნებისა და ამოცანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათგან რეკომენდაციები მოისმინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფებიან. გუშინ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით საჯარო უწყებების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა თემაზე - „ციფრული დიპლომატია“. სემინარის ძირითადი თემები სოციალური მედიის მართვა, სოციალური ქსელების მომხმარებლებთან წარმატებული კომუნიკაციის გზები და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება იყო.