საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ალფა" ასეული ჩაანაცვლა. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქ ქაბულში, ცენტრალური სარდლობის ბაზაზე გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლის პირველი მოადგილე, ბრიტანელი გენერალ-ლეიტენანტი სენდი სთორი, შტაბის უფროსი, გერმანელი გენერალ-ლეიტენანტი ფრანკ ლაიდენბერგერი, ცენტრალური სარდლობის ბაზის მეთაური, ამერიკელი პოლკოვნიკი ალექს ფინკი. ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და მისიის მთავარი სერჟანტი ლევან ჯავახიშვილი.
ღონისძიება საქართველოსა და ნატოს ჰიმნებით დაიწყო. სამხედრო მოსამსახურეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. 23-ე ბატალიონის „ალფა" ასეულის ხუთი სამხედრო მოსამსახურე მისიის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფრანკ ლაიდენბერგერმა კოინებით დააჯილდოვა. ცენტრალური სარდლობის სახელით ასეულს სამახსოვრო ჯილდოც გადაეცა.
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ალფა" ასეული ცენტრალური სარდლობის ბაზაზე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიით დაკისრებულ ამოცანებს ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ასრულებდა. ქვედანაყოფის უმთავრესი ფუნქცია დისლოკაციის ადგილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.