პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს „ამნისტიის შესახებ“. პროექტი კომიტეტს ფრაქციის წევრმა ანი მიროტაძემ წარუდგინა.
მისი განმარტებით, კანონპროექტის ამნისტიის ერთჯერადი ქმედება დაახლოებით 116 ბრალდებულის და მსჯავრდებულის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებას შეეხება. საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე მამაკაცებში 70, ხოლო ქალებში 65 წელზე, რომლებიც სხვადასხვა ნაკლებად მძიმე სისხლისსამართლებრივ დანაშაულზე არიან ბრალდებულები, განსასჯელები ან მსჯავრდებულები.
,,აღნიშნული ერთჯერადი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან ასაკოვანი პირების მიმართ რესოციალიზაციის და ჰუმანურობის აქტს წარმოადგენს. დასახელებული 116 პირიდან - 15 იმყოფება პატიმრობაში, 44 პრობაციონერია, ხოლო ძებნილია - 57“, - აცხადებს ანი მიროტაძე.
კანონპროექტი კომიტეტმა პრინციპების დონეზე მისაღებად ცნო და მხარი დაუჭირა მის გატანას პლენარულ სხდომაზე.