საქართველოს თავდაცვის მინისტრი „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის“ გაცნობის მიზნით სტუდენტებთან შეხვედრებს განაგრძობს. თინათინ ხიდაშელი დღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა და სტუდენტებს პროექტის დეტალები პირადად გააცნო. მინისტრმა სტუდენტებთან სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ საკითხებზეც ისაუბრა.
„სულ უფრო საინტერესო ხდება ეს დისკუსიები. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო. ვფიქრობ, ასეთი თავისუფალი, დებატებისთვის გახსნილი, განსხვავებული აზრების თამამად გამოთქმისთვის მზად მყოფი ახალგაზრდების ყოლა ქვეყნის ყველაზე დიდი პლუსი და წარმატებაა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე ძვირფასი, რაც ჩვენ გვაქვს. პრინციპში, ჩვენ შევთანხმდით, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უნდა იყოს ნომერი პირველი პრიორიტეტი ყველა ჩვენგანისთვის იმ საკეთებელთან ერთად, რომლითაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვართ დაკავებულები“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ახალგაზრდები რეზერვის თემის გარდა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გასამკლავებლად საქართველოს მზაობისა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხებითაც დაინტერესდნენ.
ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მობილიზაციისა და რეზერვის სისტემა ეროვნული თავდაცვის სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია“ იქნება პროდუქტი, რომელშიც თანაბრად აისახება სამხედროების ხედვა, როგორი რეზერვი სჭირდება შეიარაღებულ ძალებს და, მოქალაქეების მზადყოფნა, თუ როგორი ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას ქვეყნის თავდაცვაში. სწორედ ამიტომ, კონცეფციის სამუშაო ვერსიას გაეცნობიან არა მხოლოდ სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ, სტუდენტებიც.
საჯარო დისკუსიის მიზანია, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჯერ საკითხის განხილვაში, შემდეგ კი რეზერვის ორგანიზების პრაქტიკულ ღონისძიებებში.