38-მა სამხედრო მოსამსახურემ ლიტველი სამხედრო ექსპერტების მიერ ჩატარებული დამკვირვებელ-შემფასებლის სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულა. ტრენინგი სამი დღის განმავლობაში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
სწავლების მიზანი ქართველი დამკვირვებელ-შემფასებლებისთვის გამოცდილების გაზიარება იყო. ტრენინგის დროს მიღებული გამოცდილება ქართულ მხარეს მაისში წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში დაგეგმილ სწავლებაში გამოადგებათ.
მონაწილეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები ლიტველმა სამხედრო ექსპერტებმა გადასცეს და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
პირველი ორი დღის განმავლობაში, საკლასო სწავლების ფარგლებში, კურსის მონაწილეები შემფასებლის ფუნქცია-მოვალეობებსა და მოქმედების შემდგომი განხილვების მეთოდებს დაეუფლნენ. ყურადღება გამახვილდა შეფასების გეგმის შედგენასა და დახვეწაზეც. მესამე დღე საველე პრაქტიკულ სწავლებას - მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას დაეთმო.
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ სტუმრებს ვიზიტისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.