საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ რუსთავში დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 12-წლამდელთა ტურნირი გაიხსნა.
ტურნირში მონაწილე 6 გუნდი კენჭისყრის შედეგად „ა“ და „ბ“ ქვეჯგუფებში გადანაწილდა. დღეს „ა“ ჯგუფში თბილისის „overtime” რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის საკალათბურთო გუნდ „რუსთავს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 69:68 დაამარცხა, ხოლო, „ბ“ ჯგუფში ორი თბილისური გუნდი შეხვდა ერთმანეთს, - თავდაცვის სამინისტროს 12-წლამდელთა გუნდმა „არმიამ“ ზაზა ფაჩულიას გუნდი „ზაზა“ ანგარიშით 56:46 დაამარცხა.
ტურნირი 23 აპრილს დასრულდება. ტურნირის ბოლო დღეს ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეიოფში შეხვდებიან ერთმანეთს.
ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ტურნირი ყოველწლიურად გაიმართება. ტურნირის მიზანი საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაცია, მოზარდ კალათბურთელთა ოსტატობის დონის ამაღლება და პერსპექტიული მოთამაშეების შერჩევაა.