ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწესთან ევროპისა და ნატოს პოლიტიკის საკითხებში ჯეიმს ტოუნსენდთან საუბრის მთავარი თემა აშშ-ის გაზრდილი დაფინანსების პირობებში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის სფეროში პრაქტიკულ საჭიროებები იყო.
მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პრაქტიკულ ასპექტებზეც გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო ნატოს მომავალ სამიტს ვარშავაში და საქართველოს მოლოდინებს. დაიგეგმა საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებებს შორის ერთობლივი შეხვედრა ვარშავის სამიტისთვის, სადაც მხარეები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ თებერვალში ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე წარდგენილ დოკუმენტს განიხილავენ.
ჯეიმს ტოუნსენდმა ავღანეთში ქართველი სამხედროების წვლილზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ვაშინგტონში საქართველოს მამაცი ერის რეპუტაცია აქვს, რომელსაც ძალიან კარგი შეიარაღებული ძალები ჰყავს.
თინათინ ხიდაშელმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრა შეაჯამა და განაცხადა, რომ ინსტიტუტების მშენებლობისა თუ თავდაცვისუნარიანობის გამყარების გზაზე საქართველო განებივრებულია ამერიკის შეერთებული შტატებიდან მხარდაჭერით. „შეხვედრა, რომელიც ამჟამად გვქონდა, დიდწილად შეეხებოდა ორმხრივ ურთიერთობებში უფრო მეტი შესაძლებლობების გაჩენას. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვაცნობეთ საზოგადოებას, რომ საქართველოსათვის თავდაცვის სფეროში ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად გაზრდილია. ჩვენი ყველაზე დიდი სურვილია, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მივიღოთ ამ პროგრამებიდან - რაც შეიძლება მეტი სწავლება და თანამშრომლობა ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდისათვის. ასევე, ვისაუბრეთ ვარშავის სამიტზე და იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ამერიკისგან ველოდებით,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ჯეიმს ტოუნსენდმა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრას საინტერესო უწოდა და აღნიშნა, რომ მასზე მინისტრმა და მისმა გუნდმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
„გვქონდა ამომწურავი დისკუსია საქართველოს ურთიერთობაზე ნატოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს ორმხრივ პროგრამებზე, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია და კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, ვისაუბრეთ ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე და საქართველოს მოლოდინებზე. ქართულ დელეგაციასთან და მინისტრთან შეხვედრამ უფრო მიზანდასახული გამხადა. საქართველო ამერიკის დიდი მოკავშირე და მეგობარია. ავღანეთში ქართველი სამხედროები უდიდეს სამუშაოს ასრულებენ, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ. ვაშინტგონში საქართველოს ძალიან მამაცი ერის რეპუტაცია აქვს, რომელსაც ჰყავს ძალიან კარგი შეიარაღებული ძალები და ისინის იმსახურებენ ყველანაირ ყურადღებას. როდესაც მე ვაშინგტონში დავბრუნდები, აუცილებლად შევხვდები საქართველოს თემაზე მომუშავე ადამიანებს და ერთად მოვიფიქრებთ, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ამ ურთიერთობის გასაძლიერებლად,“ - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწემ ევროპისა და ნატოს პოლიტიკის საკითხებში თინათინ ხიდაშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.