სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, სასტუმრო „გრანდ ჰოტელ რივერ პარკში“ მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხოების ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმში მონაწილე ევროპის ქვეყნების მეთაურებს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს სიტყვით მიმართა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ.
ფორუმის ოფიციალურად გახსნის ფარგლებში სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვის მინისტრს მიესალმა და მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა საქართველოში მაისში ანდრეი კისკას დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ სლოვაკეთის მხარდაჭერა გამოხატა. საუბარი შეეხო ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტსა და საქართველოს მოლოდინებს.
გლობალური უსაფრთხოების ფორუმი (GLOBSEC) ბრატისლავაში 17 აპრილის ჩათვლით გაიმართება. სამი დღის განმავლობაში მაღალი დონის ფორუმის მონაწილეები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ნატოს ვარშავის სამიტი, აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნები და მისი გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, დასავლეთის როლი ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულ ვითარებაში, უკრაინასა და სირიაში რუსეთის ქმედებები და საერთაშორისო წესრიგის წინაშე რუსეთის გამოწვევებთან დაკავშირებით შემუშავებული დასავლეთის სტრატეგიები.