საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სლოვაკეთის რესპუბლიკაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმს ესწრება. ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დღეს თინათინ ხიდაშელი ISIL-თან ბრძოლის გლობალურ კოალიციაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს, გენერალ ჯონ ალენს შეხვდა.
ამერიკელ გენერალთან შეხვედრაზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები და აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერალმა ჯონ ალენმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და მზადყოფნა გამოთქვა, დახმარება გაუწიოს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გააქტიურებაში.
მხარეებმა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს. როგორც გენერალმა ჯონ ალენმა აღნიშნა, მას ძალიან ეამაყება, რომ ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად მსახურობდა. ამერიკელმა გენერალმა თავდაცვის მინისტრს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
სლოვაკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დღეს დაგეგმილია თინათინ ხიდაშელის მაღალი დონის შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან პოლიტიკურ საკითხებში ჯეიმს აპატურაისთან და სლოვაკ კოლეგასთან პეტერ გაიდასთან.