საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიით დაკისრებული რთული და საპატიო მისია II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონისგან ოფიციალურად ჩაიბარა. ქვედანაყოფებს შორის სამოქმედო არეალის გადაბარების პროცედურები საბრძოლო დროშის გადაცემით დასრულდა. საზეიმო ცერემონიალი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე, 22-ე და 52-ე ბატალიონების პირადი შემადგენლობა და საგანგებოდ მიწვეული სტუმრებიც დაესწრნენ.
უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, ბაგრამის ბაზის მეთაური, ამერიკელი ორვარსკვლავიანი გენერალი ჯეფრი ბანისტერი, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის საცეცხლე მხარდაჭერის ჯგუფების, ტაქტიკური დაჯგუფების „ლაიონისა" და „ბუფალოს" წარმომადგენლები, ავღანეთის ეროვნული არმიისა და ფარვანის პროვინციის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები.
ღონისძიება საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავღანეთის სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას.
ღონსიძიებაზე 22-ე ბატალიონის ოფიცრები და სერჟანტები ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მედლებით დაჯილდოვდნენ. ქართულმა მხარემ კი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის ამერიკელი სამხედროები დააჯილდოვა. კოალიციური ძალების სხვა წარმომადგენლებს კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 2016 წლის აპრილის დასაწყისში ჩაერთო. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველოფა იქნება.