ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირველი სწავლება დასრულდა. კურსის დახურვის ცერემონიალი ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადაში გაიმართა. სწავლების მონაწილეებს სიტყვით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და და „ნორვეგიის თავდაცვის საერთაშორისო ცენტრის“ NODEFIC კომენდანტმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კიელ პედერსენმა მიმართეს.
პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პროექტის ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ კრისტიან ემაუსს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. დღესვე, სწავლების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ნატოს ლოგისტიკის ათდღიანი კურსი საქართველოში პირველად ჩატარდა. სწავლებაში 15 ქართველი და 8 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. წვრთნები ლოგისტიკის დოქტრინებისა და კრიზისებზე რეაგირების ოპერაციებში ლოგისტიკის დაგეგმვის პროცედურების შესწავლას დაეთმო.
სწავლების მიზანი ნატოსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის თავსებადობის გაზრდაა. ნატოს ლოგისტიკური კურსი ალიანსის მხრიდან რეგიონის უსაფრთხოების მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა. იგი ხელს უწყობს საქართველოს მისწრაფებებს რეგიონული პარტნიორობის გასაღრმავებლად და საქართველოსთან, როგორც ნატოს სამშვიდობო მისიების მნიშვნელოვან მონაწილე ქვეყანასთან, ნატოს აქტიურ თანამშრომლობაზე მიუთითებს.